თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. პოსტი სამხარაძემ „ფეისბუკში“ გაავრცელა.
ამ დრომდე სამხარაძეს პოსტზე განმარტება არ გაუკეთებია.
მედიაში სამხარაძის პოსტის, ე.წ. „სქრინშოტი“ ვრცელდება, თუმცა ამჟამად სამხარაძის პროფილი „ფეისბუკში“ აღარ იძებნება.
სამგორის გამგეობაში „ტვ პირველს“ უთხრეს, რომ გამგებელი ადგილზე არ იმყოფება და მის ნაცვლად განმარტებას ვერ გააკეთებენ. გამგებლის მოადგილემ თქვა, რომ არ სჯერა, რომ გამგებელმა მსგავსი პოსტი დაწერა: „ტყუილი იქნება ალბათ, გამორიცხულია.. ასეთი რამე გამგებლისგან გამორიცხულია“.
სამხარაძის პოსტთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, მან განაცხადა, რომ პოსტის შინაარსს არ იცნობს, თუმცა არასამუშაო საათებში ნებსიერ ადამიანს უფლება აქვს საკუთარი პოზიცია გამოხატოს.
გუშინ თბილისში პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია – „შინ ევროპისკენ!“ გაიმართა.