აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას - კალაძე გუშინდელ აქციაზე

პუბლიკა

„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით. თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. ამისთვის ხელისუფლება მზად არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.