კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის გამო პროკურატურას მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა

პუბლიკა

„ფორმულას“ ინფორმაციით, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის გამო პროკურატურაში იჩივლა.

„დაკითხული ვარ პროკურატურაში. ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსი”, – უთხრა კობახიძემ „ფორმულას.“

სუს-იდან გამოტანილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარიც მოხვდა, რომელიც პრეზერვატივების კომპანია აიისას სარჩელს ეხებოდა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს, რომ საუბარი გიორგი ზვიადაძესთან ნამდვილად შედგა თუ არა, კობახიძე პასუხობს, რომ:

„მამა გიორგი ზვიადაძესთან მე კონტაქტი მქონია, მე ამ პიროვნებას ვიცნობ, ამ შინაარსის შემცველი საუბრის რეალობას მე არ ვადასტურებ და მის ავთენტურობას, ამ ტექსტისას, მე არ ვადასტურებ…

კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა მე გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია ვინმე ამ საუბარს ისმენდა, აქედან გამომდინარე მე მქონდა ცხადია ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო“,- უთხრა „ფორმულას“ კობახიძემ.