21 მაისი
მოხუცი ქალბატონი, როგორც ჩანს, დილაადრიანად დგებოდა, როდესაც ჩვენ ვიღვიძებდით და სასტუმროდან გავდიოდით, უკვე თავის ამოჩემებულ ადგილას იჯდა, გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად. რაც უნდა გვიან დავბრუნებულიყავით, ის მაინც ასე გვხვდებოდა. არავის აწუხებდა და სხვებიც თითქოს უფრთხოდნენ. ყიჟინით, ჟივილ–ხივილით, ან ტირილითა და წივილ–კივილით მიმქროლავი ბავშვებიც კი მის სიახლოვეს უცნაურად წყნარდებოდნენ, კეთროვანივით ერიდებოდნენ, ცდილობდნენ გვერდი აევლოთ, ნაბიჯს ანელებდნენ და ხმაურსაც მოუკლებდნენ ხოლმე…
ეს იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ვერ მოვითმინე და რამდენიმე ადამიანს ვკითხე მოხუცზე, მაგრამ ყველა რაღაც უცნაურად არიდებდა პასუხს თავს: „არ ვიცი…“ „ცოტა ვერ არის საწყალი…“; „ემოციური შოკი აქვს…“; „მოხუცია და არის თავისთვის, არავის აწუხებს…“; „არ ვიცი აბა რა გითხრა, აქ იმდენი გაჭირვებულია“.
თვითონ ალალად მერიდებოდა, თითქოს მეშინოდა კიდევაც ახლოს მისვლა და გამოლაპარაკება, იმდენად გაუცხოებული, გაშეშებული, სადღაც შორს, შორს და ცუდ ადგილას მიშტერებული მზერა ჰქონდა. იჯდა ასე გრძელ გახამებულ კაბაში, ყოველთვის ნიკაპთან გამონასკვული თავსაფრით, მუხლებზე ხელებდაწყობილი, დაუჯერებლად ჰგავდა სლავური ზღაპრიდან გადმოსულ, ამავე ზღაპრების მომყოლ, ცოტა ჯადოქარ ბებიას, აი ბალახები რომ იციან, ამინდის გამოცნობა, სავსე მთავრობა, რა შეიძლება, რა არა, წვიმიან დარში რა ჯობია, და მზიან დარში – რა, ეგეთები რომ იციან, ეგეთ ბებიას… ჯერ ვითომ არხეინი ნაბიჯით, ლაღი სიცილით და გულწრფელი სიბრალულით ვუვლიდი ხოლმე გვერდს, ჩვენს საქმეზე მიმავალი, მაგრამ ამავე დროს, უნებურად ყოველთვის ვეძებდი მის მზერას, თუმცა ამაოდ… ვერაფრით მივბედე, არადა, ყოველთვის მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მოხუცებთან ჩამოჯდომა, რაღაცებს ვეკითხები, ამბებს ვაყოლებ… საერთოდ მოხუცებს, ბავშვებს, გოგოებს, არანორმალურებს (ერთი იმის მეცნიერი გამხადა, როგორ არჩევენ, ვინ არის ე.წ. „არანორმალური“ და ვინ „ნორმალური“) და ცხოველებს ყოველთვის, ბავშვობიდან ვუყვარდი – „ნორმალური“, ზრდასრული, სერიოზული, საქმიანი, რესპექტაბელური და „კარიერული წინსვლით“ დაკავებული მასტებისაგან განსხვავებით და ძალიანაც კარგი, მეც ბავშვობიდან მაგრად არ მევასებიან, ერთი მაგათი სიაფანდი და ტუფტა დედაც… აი ამ ჩვენი სასტუმროს მონუსხულ თუ მომნუსხავ ბებოსთან კი ვერაფრით მივბედე. ბოლოს მაშას ვკითხე, ვადიმას თანამშრომელი ორი მაშასგან ერთ–ერთს, აი ორნი რომ იყვნენ, 15 მაისსაც რომ ვწერდი: „ხარაშა მაშა, ნო ნე ნაშასგან…“ ერთ–ერთს, ვისი ღიმილებიც ასე დაენანა ჩვენთვის გოთვერან ვადიმას, ძალიან მაღალს კი არა, მეორეს და თურმე, როგორც ყოველთვის სწორად მკარნახობდა ეს ჩემი ნადირის გუმანი, ბებოს რომ ვერ ვუახლოვდებოდი და სჯობდა მაშასთვისაც არაფერი მეკითხა, ისეთი შემაძრწუნებელი ამბავი მომიყვა…
ბავშვობიდან ომის მეტი რა გამიგია მე უბედურს – 1989 წლის 9 აპრილს იმ ნაბოზვარმა რუსის სალდათმა ჩვენ გოგოს რომ ნიჩაბი მოუქნია და ამან შეჰკივლა: – „შტო ტი დელაეშ, ია ბერემენნაო“ და იმ ნაბიჭვარმა; – „ტემ ლუჩშეო“ და რომ მოკლა, იქიდან მოყოლებული, გადამწვარი და გადაბუგული რუსთაველი – 1991 წელს, ცხინვალის და აფხაზეთის ომის ჯოჯოხეთი, რუსებისგან საკუთარ სახლში ჩამწვარი მოხუცები და მიწასთან გასწორებული უძველესი, საუკუნეების სოფლები, დიდი ლიახვის ხეობაში, 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომის დროს, მაგრამ ასეთი, რაც მაშამ მომიყვა ამ მოხუც ბებოზე, აქამდე არც გამიგია და იმედი მაქვს ვეღარც გავიგებ:
„ეს მოხუცი, თავის ერთადერთ ვაჟთან ერთად, ბახმუტის რაიონის ქალაქ სევერსკში ცხოვრობდა, დონეცკის ოლქში… რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინაზე, პირველი და ყველაზე საშინელი დარტყმა, სწორედ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების, უკრაინის მიერ კონტროლირებულ ქალაქებზე და სოფლებზე წამოვიდა… ავიაცია და არტილერია დაუნდობლად ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას… ყველა გამორბოდა და ცდილობდა, როგორმე თავი დაეღწია ამ განუწყვეტელი ცეცხლისაგან და ოჯახის წევრებიც გამოეყვანა… დაჭრილების გამოყვანაც ჭირდა და დაღუპულების დაკრძალვასაც კი ვერ ახერხებდნენ… მოხუცის და მისი ვაჟის სახლი, ნახევარტონიანმა საავიაციო ჭურვმა ჰაერში აიტანა, დედა–შვილმა, როგორც იქნა, სევერსკის ვაგზლამდე მოაღწია, ცდილობდნენ იქაურობა დაეტოვებინათ, როგორმე თავი დაეღწიათ ამ ჯოჯოხეთისთვის და სადმე გაქცეულიყვნენ, სადმე შორს, ამ შემთხვევაში მთავარი იყო როგორმე ცოცხლები გადარჩენილიყვნენ…
და აბა ვაგზალზე დაიწყო დაბომბვა თუ დაიწყო, რუსებმა, როგორც სჩვევიათ, პირდაპირ ნადირობა გამოაცხადეს მშვიდობიან მოქალაქეებზე, სადაც ყველაზე მეტი დევნილი იყო თავმოყრილი, პირდაპირ იქ უშენდნენ. მტვერი, ცეცხლი, ალი… ერთმანეთს მიმწყდარი ხალხი, ბავშვების ტირილი, კივილი, ძახილი, წყევლა–კრულვა, გინება, სისხლი, მკვდრები, დაჭრილები და ეს მოხუცი ქალი თავისმა შვილმა… დაკარგა!..
დაკარგა რა იმ გახურებული დაბომბვის თუ უბედურების დროს, ვიღაც ახლობლის თუ მეზობლის მანქანაში ადგილი აღმოჩნდა, თან ცეცხლიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ვეღარ დაელოდებოდნენ და ისიც წავიდა… ხო ნუ, მიატოვა დედამისი… ვეღარ გაბედა შემობრუნება, შეეშინდა, დაპანიკდა, ვეღარ შემოტრიალდა იმ ცეცხლში, თუ რა ვიცი, ვინ გაიგებს ახლა, რა დაემართა, რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში… წავიდა და გააღწია, გადავიდა ევროპაში, ახლა პოლონეთშია… ეს მოხუცი რაღაც სასწაულებრივად გადარჩა, ვიღაცებმა, სრულიად უცხო ადამიანებმა იპოვეს და შედარებით სამშვიდობოს გამოიყვანეს… მერე ჩვენამდე მოაღწიეს და ჩვენ გადმოვიბარეთ, ახლა აქ გვყავს.
ძალიან დარდობდა თავის შვილს. არაფრით არ მიმატოვებდა, ალბათ მოკლესო, გვთხოვდა, მოგვეძებნა – ჩვენც ყველგან გამოვაქვეყნეთ, რა მონაცემები გვქონდა, რაც მოგვაწოდა მოხუცმა…
არა, დარეკა, სულ მადლობები გვიხადა, დავიკარგეთ და ვეღარ ვიპოვეო. მეც მეგონა, რომ დაიღუპაო… უკრაინამ ამასობაში კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ზრდასრულ მამაკაცებს ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება… დედამისსაც ელაპარაკა, მაპატიე ჯერჯერობით ვერ ჩამოვალ, ვიდრე რამე არ შეიცვლება, თორემ მერე უკან ევროპაში აღარ გადმომიშვებენ, ჯერჯერობით ვერ მომყავხარ და აბა შენ იცი, კარგად იყავი და თავს გაუფრთხილდიო…“.
მაგ ლაპარაკის მერე აღარც უხსენებია თავისი შვილი, აღარც ჩვენ გველაპარაკება, იშვიათად იღებს ხმას, მთელი დღეები ასე ზის გარინდებული, ჩუმად და გაუნძრევლადო…“.
არ ვიცი, ეს განსჯა და გინება ხომ ყველაზე ადვილია. ადრეც ვწერდი, ყველაზე მეტად ისინი განიკითხავენ და ატლიკინებენ ენას, ვისაც არაფერი უნახავს და არც ნახავს, უბრალოდ არ წავა ასეთ ადგილას, თუმც ხანდახან „ასეთი ადგილი“ და ჭურვი და სიკვდილი თავად მოდის შენთან და აი მერე დამსვა მეც მათთან ერთად და ცალი თვალით მაყურებინა, ეს შინაური გმირები და დივნის ექსპერტები რაებს იზამენ და ჩაიდენენ…
გარწმუნებთ დიდი სანახაობა და ხალისი იქნება…
არაფერი რა… რავი ტოო… აი რა უნდა ვთქვა…
უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ დედაჩემი დამეკარგა დაბომბვის დროს – დედაჩემი ტოო, ციცი… ჩემი მშიშარა, ისტერიჩკა დედიკო, კარზე დაკაკუნების და ცოტა შეუხედავი, მურტალი სიფათიანი ტიპებისაც კი რომ პანიკურად ეშინოდა… წარმოვიდგინე რომ ცეცხლწაკიდებულ, დაბომბილ ვაგზალზე დავკარგე, სადაც შორიახლო ჭურვები ფეთქდება გუგუნი, კვამლი, ყვირილი და… ძალიან ცუდად გავხდი… კაი ხანს ვუყურებდი კრეტინივით იმ მოხუცს, სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და რაღაც მაზოხისტური, მანიაკალური დაჟინებით წარმოვიდგენდი დედაჩემს, ვიდრე მართლა ცუდად არ გავხდი, სუნთქვა არ შემიგუბდა, გულის ფრიალი და ჰაერის უკმარისობა არ დამეწყო და სირბილით არ გავეცალე იქაურობას… მეც გავიქეცი რა, თავს ვუშველე მისი შვილივით…
არადა, ამ ბოზის დაზრდილ რუსებს ეს კოშმარული ომი რომ არ დაეწყოთ, იცხოვრებდნენ, იჩხუბებდნენ, იდავებდნენ, საღამოს ჩაის დალევდნენ, ჟოლოს მურაბით, სოკოს მარინადს ჩადებდნენ, საღამოს მეზობლებში მოჰყვებოდა ეს ჩემი მოხუცი: – „ა მოი ტა ვჩერა პრინიოს…“.
და აი ახლა რა გამოვიდა, და აი რა არის ომი მე მაგის დამწყების და პატრონ–მყვარებლის პატრონ დედას რო…
აი რა არის ომი ბატონებო და ქალბატონებო…
ვადიმა ამასობაში გამალებით ემზადებოდა თავის საქველმოქმედო და გრანდიოზული კონცერტისთვის, დნეპრის მეტროსადგურ „ვაგზალნაიაში“ დარბოდა და დაგვარბენინებდა ჩვენც…
დღესაც რამდენჯერმე ჩაირთო განგაშის სიგნალი, მაგრამ ისე ვიყავით ამ კონცერტით მოცულები დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, მით უმეტეს, დაბომბვის ხმებიც შორს ისმოდა. და განგაშის დროს, მგონი, მხოლოდ ჩვენ დავქროდით გიჟებივით დაცარიელებულ დნეპრში, ვადიმას უკვე მრავალჯერ ნახსენები „სუბარუს“ ჯიპით… ერთი ეგ იყო, გოგა შეშფოთებული, ეჭვით აყურადებდა მისი ყელის მდგომარეობას, მთელი დღე ჩაის სვამდა, შემდეგ კი მისივე დაჟინებული მოთხოვნით კონიაკზე გადავედით…
კონცერტზე მართლაც უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, იქაურობა შეიარაღებული პოლიციელებით გადაიძეძგა… ვადიმა ძალიან კმაყოფილი და ამაყი გახლდათ. ჩემებიც მოვიდნენ ლილია და მისი მეგობარი, პირადად დავხვდით და ყველაზე საპატიო ადგილას დავსვით… კონცერტი დაიწყო და მეც გადასაღებად მოვემზადე, გოგა რომ უნდა გამოსულიყო, ვიმეცადინე, კამერა როგორ უნდა დამეჭირა, პაუზა როგორ ამეღო, მეც მოწადინებული ვვარჯიშობდი და ჩემი გადაღებული კადრები დავდე კიდევაც…
დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო, ძალიან სერიოზული როკ–კონცერტი დაიძრა, ვადიმა ბედნიერებისგან იმ პროჟექტორებივით კაშკაშებდა, რომელიც სცენას და დარბაზს ანათებდა… გადაღების დროს ერთი კაი ჩადგმული ბიჭი შევამჩნიე, სამხედრო ფორმით და ებრაული ფესკით. ეგ არაფერი, საქმე ის იყო, რომ სამხედრო ფორმის სამკლავურზე ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა ეკრა… რომ გამოველაპარაკე, აღმოჩნდა, რომ წარმოშობით აქაური ებრაელი იყო, ახლა ისრაელში ცხოვრობდა ოჯახით და ომი დაიწყო თუ არა, ისტორიულ სამშობლოს – უკრაინის დასახმარებლად წამოვიდა და ახლა „ქართულ ლეგიონში“ მსახურობდა.. რა თქმა უნდა, იქვე დავპატიჟე კონიაკზე, მაგრამ თავაზიანად იუარა: – „ჩვენი მეთაური კატეგორიულად გვიკრძალავს ალკოჰოლს და მსგავს დურმანებსო…“. ე ბიჭო, სად არის აქ მამუკა, კონცერტზე ვართ, მაგრამ არაო, ისევ თავაზიანი ღიმილით იუარა. გაგიგონია ვეჟო?.. სულ იმაზეა ლაპარაკი, რა უდისციპლინოები და მოუწესრიგებლები ვართ ეს ქართველებიო და უცხოეთში რა ემართებათ ხოლმე, ფეროჰაბადიდან დნეპრამდე ისეთ ამბებს ატრიალებენ, რომ ებრაელმა სამხედრომ, ყლუპი კონიაკი არ დალია მეტროში კონცერტზე…
და აი, მანდ ჩამჩურჩულა პირველად ჭყონიამ: -„ბიჭო, აქ სად უნდა ვიმღერო, მთელი ორკესტრია ანგრევს ხალხი ყველაფერსო….“.
და კიდევაც გაიარა აქეთ და იქით, ორმა განათებულმა ხალხით სავსე მეტროს მატარებელმა…
– ვა – მეთქი აბა გიჟი ხო არ არის ორი დღეა მაგაზე ლაპარაკობს ის შენი ბრატი ვადიმა, ჩვენ ვთხოვეთ, თუ ენაზე ვექაჩებოდით, მთელი ქვეყანა რომ შეგვაყრევინა ტო, მთელი თბილისი შენს სიმღერას ელოდება მეტროში –მეთქი“…
– რავი აბა, მარა აქ სად უნდა გამოვიდე ვერ წარმომიდგენიაო – ჭყონიამ…
ვახ კაცო, მეც შევფიქრიანდი… არადა, მიდის ეს კონცერტი გადასარევად, გრიალით, სად უნდა შევეკვეხოთ, გოგამ კი არა, ბარემ მე ავალ სცენაზე და იქიდან ვუმღერებ ამ ჩემის ვადიმას კარგის ტრაკებს, ჩვენი გაბითურებისთვის.. ხმა და ღრიალი კი ვიცით ქურხულებმა, გიყვარდეს, ან ტანო ტატანოს წავუკითხავ ორივე მაშას, ჩემს სიმაღლესაც და მეორესაც – ბებოს ამბავი რომ მომიყვა და დამზაფრა, იმასაც…
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ასე გაგვაბრიყვა ჩვენმა ვადიმამ… რა გოგა, რა სცენა… ზანზარებდა იქაურობა… უჰ დავიბოღმეთ და გავბრაზდით, მარა რას დავიბოღმეთ და გავბრაზდით!.. გოგა კი მაწყნარებდა, კაი ბოროტად არ გაგვხუმრებია უბრალოდ „ტრეპლოა“ რა, ზედმეტი აიღო საკუთარ თავზეო… თუმცა თავადაც ისე უყურებდა, ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა შიგ „აჩკებში“ დაეტაკებინა. მოკლედ ისე ვუღრენდით ორივე ვადიმამ კონცერტის დასრულების შემდეგ სასწრაფოდ ჩამოგვყარა სასტუმროსთან და უკანმოუხედავად მოცოცხა… ჩვენც გაბრაზებულ გულზე მორჩენილ კონიაკს და „ხორტიცას“ მივუსხედით და ვადიმას ლოცვა–კურთხევას მოვყევით ჩვენი გაცუცურაკებისთვის.
თუმც ლოცვა–კურთხევას ვერც მე გადავარჩი… გოგას გულშემატკივართა არმიამ კადრები რომ მოგვთხოვა: – აბა სად არის კადრები რომ შეგვჭამეთ გოგამ მეტროში უნდა იმღეროსო… გოგამ, ძმურად არ მოყვე, შენ აიღე შენს თავზეო და მეც გმირულად გავიწირე… ჭყონიამ, როგორც ძველმა ბაბნიკმა, მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ასეთი ვერსია გაავრცელა: – როცა ვმღეროდი, მაინცდამაინც მაშინ, ვიღაც გოგომ გადაიტყუა და ასე გამორჩა ჩემი გამოსვლა იმ გრანდიოზულ კონცერტზეო…
ახლა კი, როცა ყველაფერი ჩავლილია, უნდა გამოგიტყდეთ: – რა გოგო, ხალხო, რის გოგო, ვინ მომაოხრა, პატიოსნად ვიდექი და ვიღებდი, აგრემც ვადიმას… ვადიმას არა… დედაჩემის „სიყვარული ყველას უნდაში“ არ იყოს: – „არც ნერვებს მოვიშლი და არც რა… აგრემც პუტინს მოიხვედრია ცხელი ტყვია…“. სუ მაგ ბოზიშვილის ბრალია, თორე 100 წელი რა გვინდოდა ჭყონიას და მე დნეპრის მეტრო „ვაგზალნაიაში“?..
აი ეგრე იყო, 21 მაისის კონცერტის ამბავი…