22 მაისი
დღეს კიევში ვბრუნდებით. მატარებლის ბილეთები უკვე ავიღეთ. რკინიგზა არც თუ ისე უსაფრთხოა… რუსები განსაკუთრებით ებრძვიან რკინიგზის ვაგზლებს, რადგან ევროპიდან და ამერიკიდან სამხედრო ტექნიკა, ძირითადად, რკინიგზით შემოდის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებისთვის, მაგრამ აქ უკრაინაში, სამწუხაროდ, უსაფრთხო გზა და უსაფრთხო ადგილი საკმაოდ პირობითი ამბავია, 2014 წლის ამბებიდან მოყოლებული და 2022 წლის 24 თებერვლიდან – ომის დაწყებიდან ხომ მით უმეტეს… რუსეთი სად, როდის და რატომ დაგვარტყამს ან რის დაბომბვას დააპირებს, სად ააცილებს და რას მოარტყამს, ეშმაკიც ვერ გამოიცნობს…
დილიდან ვიბარგებით. ვემშვიდობებით ჩვენს სასტუმროს, ლტოლვილებს, მატრასებს, რომლებმაც გვარიანი წელკავი დაგვმართა; უხმოდ ვემშვიდობებით ჩვენს ბებოს, რომელიც შვილმა დაკარგა, დნეპრსა და ზაპოროჟიეს, სადაც მთელი კვირა გავატარეთ, ჩვენს პიცერიას, მეტრო „ვაგზალნაიას“ და მშვიდობას, იმედსა და გამარჯვებას ვუსურვებთ…
წამოსვლის წინ ჭყონიამ მაინც ჩაატარა ტრიუკი. საქმე ის იყო, რომ ვადიმას სასტუმროს ადმინისტრატორი, თუ დირექტორი, თითქმის ყოველდღე გვივარდებოდა ნომერში: ოთახებში პაპიროსს ნუ ეწევითო… გოგა ბოდიშობდა; ჰპირდებოდა, აღარ ვიზამთო, როგორც იქნებოდა, გაიტყუებდა გარეთ, ერთს კარგად შეუკურთხებდა და იქვე უკიდებდა სიგარეტს… მოკლედ, მთელი ეს დღეები, დაბომბვასა თუ სიწყნარეში, დარსა თუ ავდარში, ამათ თავიანთი ომი ჰქონდათ… ბოლოს ჭყონიამ მოიფიქრა, კარს უკეტავდა, აღარ უღებდა და იყო მერე ერთი კარზე ბრახუნი და „დიდი ლენინის ენაზე“ მუქარა – „ნუ, სკოლკა რაზ ვამ პოვტარიატ, ვ ნომერე კურიტ კატეგორიჩესკი ზაპრეშჩენო… ვოტ ვსიო დალაჟუ ვადიმუ იაკოვლევიჩუ… პაჟარნიკოვ ვიზავუ… პოლიციუ… სჩას პატრულ პოდაიდიოტ“… გოგა სისინით აგინებდა ქართულად, ადმინისტრატორსაც, პატრულსაც, „პაჟარნი კამანდასაც“ და თან ჯინაზე ისე ისტერიულად არტყამდა ნაფაზს ნაფაზზე, თითქოს მართლა ვიღაც მოვარდებოდა და ძალით წაგლეჯდა სიგარეტს პირიდან…
ხოოდა, გენავ, მიგელ დე სერვანტესისა და ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, ჩემო მოცლილო, ან იქნებ ძალიანაც მოუცლელო, წარჩინებულო (ისე სერვანტესიც და ჭავჭავაძეც თავადები გახლდნენ, დასავლეთ აღმოსავლეთ იბერიისა), ან იქნებ ძალიანაც უბირო მკითხველო, ასე პატიოსნად ვიბარგებოდით მე და ჭყონია, რომ კარზე კარგი, დაშხოშიანი ბრახუნის ხმა გაისმა… გოგამ ნამდვილი გურული სისწრაფით, კელასავით გასტყორცნა კაი მამალი „ბიჩოკი“ ფანჯრიდან და ზუსტად ცხონებული იპოლიტე ხვიჩიას მოძრაობით – „არ დაიდარდოში“ რომ სიგარეტის კვამლს იგერიებს, ვითომ გაანიავა ოთახი და გაცოფებულმა კი არ გამოაღო, გამოგლიჯა კარი, სადაც ყურებამდე გაღიმებული და გაბადრული ვადიმა შერჩა ხელთ…
„ნუ, იაკ ვი რებიატა, სობრალის უჟე?.. ია ვამ პრიზნაიუს, მი დოლჟნი პოტოროპიტსა, დო ოტიეზდა ჟე ნადა იშჩო უსპეტ ვიპიტ, ნა პროშჩანიე ი ნა დაროგუ…“ და ხალისიანად შემოგორდა ჩვენს ნომერში. შემოგორდა და მოჰყვა უკან „პაჟარნი კამანდაზე“ უფრო მეტად თუ არა, არანაკლებად აკივლებული სასტუმროს დირექტორი, თუ ადმინისტრატორი…
„ნუ, შტო ვი ტვორიტე, ზაბროსილი ოკუროკ პრიამა ზა შივოროტ ჩელოვეკუ, ტამ პოდ აკნომ პარნი სტაიალი, ჩუტ ნე საჟგლი ჩელოვეკა. ნუ, ვადიმ იაკოვლევიჩ, პრიმიტე პოჟალუსტა მერი… ვსე ეტი დნი ხულიგანიატ ვაში გოსტი, პიუტ, კურიატ ვ ნომერე, ნიჩევო ს ნიმ ნე მოგუ პოდელატ, სკოლკა რაზ პრედუპრეჟდალ…“
„აი, აი, აი… ბეზპრედელნიაჩაიუტ და გრუზინი, ვედუტ სებია პლოხა“… აღშფოთდა ვადიმ იაკოვლევიჩიც…
„ნე ტო სლოვო… ნე ტო სლოვა … პრიამ ნე ზნაიუ უჟე… ი ტაკ უ ნას ვსეხ ნერვი ნა პრედელე… ა ანი იშჩო ჩელოვეკა პოდაჟგლი…
„ვოტ ია იმ სჩას უსტროიუ ნაგანაი, ვოობშე ვიშლიუ იხ ატ სუდა, სეიჩას ჟე სობერიტე ვეშჩი, ი სდადიტე კლიუჩ ნომერა… ვოტ ვიდიტე, ია იხ ვისილაიუ… ვსო სობრალის ი ნოგი ვაშეი ბოლშე ნე ბუდეტ ზდეს…“ დაგვტუქსა ვადიმამ… უკვე კიბეზე კი გაიხედ–გამოიხედა და ჩაგვჩურჩულა: „ტა ბოგ მილოვალ, ვო ვრემია სპასლის… ია ვამ პრიზნაიუს, დრუზია, ვედმა რედკაია… დაჟ ია, ვ სობსტვენნომ გოსტინიცე ხაჟუ აგლიადივაიას, შტობი ატ კუდატა ნე პოდკრალას ეტა სტერვა…“
ზუსტად ერთი კვირა – 15-დან 22 მაისამდე მოგვიწია აქ ყოფნა… გარდა უამრავი ინფორმაციისა, გადაღებული კადრებისა და დენთის სუნისა, საბოლოოდ დაძმაკაცებული ვადიმასი, რომელმაც კრაკოვის „ვაგზალში“ დაკარგული კამერის სანაცვლოდ გმირულად გამოგვატანა თავისი და ჩემს ნათესავებთან შეხვედრისას, გარდა უზარმაზარი კონცერტისა დნეპრის მეტროსადგურ „ვაგზალნაიაში“ სადაც მე და გოგას სოლო და ვოკალური გამოსვლა გაგვემაზა, კიდევ უამრავი შთაბეჭდილება გამოვიყოლეთ… პირველ რიგში უკრაინის ომისა და ტრაგედიის მასშტაბები… ზაპოროჟიეში რუკას რომ დავხედე და ჩვენს მომავალ უკანა გზას გამოვაყოლე თვალი – დნეპრი, კიევი, ლვოვი, კრაკოვი, ქუთაისი, თბილისი – თმები ყალყზე დამიდგა, ისე ღრმად ვიყავით შესულები და იმდენი გზა გვქონდა უკან გასავლელი, თუ, ღვთის წყალობით, ამ უკანა გზას გავივლიდით… აქედან პირდაპირი გზა რომ იყოს გახსნილი, ორჯერ უფრო ახლოს ვიყავით საქართველოსთან, ვიდრე იმ მარშრუტით, რომლითაც უნდა დავბრუნებულიყავით… ესეც საუკეთესო შემთხვევაში, გეგმა თუ არ აგვერეოდა ამ ომში…
ვადიმამ დნეპრის რკინიგზის ვაგზლამდე მიგვაცილა.
„ვადიმ, ტი ზნაეშ, შტო უ დაგესტანცევ იესტ დავოლნა ხაროში პისატელ – რასულ გამზატოვ?.. „ტა… ტა პრავილნა… იესტ… იესტ ია ტე პრიზნაიუს ზნაუ – ო ნ ი პოეტ ნე პლახოი კსტაწი…“ „ვოტ უ ნეგო ვ კნიგე „მოი დაგესტან“ იესტ ტაკოი აბზაც: „და პუსტ ალლაჰ ნე ბუდეტ დავოლნიმ ს ტემ გორცემ, კატორი ნე რად გოსტიუ, ნო ვსიორავნო, სამიმ ლუჩშიმ ობრაზომ გოსტ ვიგლიადიტ სო სპინი, კოგდა ონ უხოდიტ“… „ტა… ტა… პრავილნა, ია ტებია პრიზნაიუს დაგესტანეც რასულ გამზატოვ პრავ… პრავ…“ გაიხარა ვადიმამ „ტა ია ვას ობნიმუ… ია ბუდუ პო ვამ სკუჩატ…“ შეჯდა თავის „სუბარუს“ ჯიპში და შვებით დაგაზა იქიდაან… დავრჩით ისევ მე და ჭყონია, ჩიპი და დეილივით მარტოები ჩვენს ფათერაკებთან. დაგაზა და გაასწრო კიდევაც ჩვენმა იღბლიანმა ებრაელმა, ვადიმა იაკოვლევიჩმა…
იმ წუთასვე განგაშის სიგნალი ჩაირთო და დასცხეს და დასცხეს ჩვენს ვაგზალს… ვაგზლის შესასვლელი გენერალური კარი სასწრაფოდ ჩარაზეს, ყველანი სარდაფში ჩაგვრეკეს და საიდანღაც ე.წ. „ჩორნი ხოდებით“ მიგვიყვანეს მატარებლამდე. სასწრაფოდ, ფაქტობრივად ბილეთების შეუმოწმებლად შეგვტენეს ვაგონებში და სასწრაფოდ გაგვარიდეს აალებულ ვაგზალს….
კიევამდე შედარებით უსაფრთხოდ ვიმგზავრეთ, ერთი ეგ იყო, მატარებელი ხშირ–ხშირად ჩერდებოდა და იყო საფრთხე, რომ კიევში კომენდანტის საათის დაწყებამდე ვერ ჩავასწრებდით, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, ღამის 11 საათზე იწყებოდა… ესეც დიდი არაფერი, მთავარია, შუა გზაში არ მოგვისწროს, როგორც პირველ დღეს, როცა ლვოვში პირდაპირ კომენდანტის საათში შევერიეთ ან, როგორც შარშან ზაფხულში, როდესაც ჩემი დედულეთიდან – კახეთიდან თბილისში წამოვედი ჩემი მანქანით, კომენდანტის საათმა ბადიაურთან „დამასტუკა“ და ბოლოს მშობლიურ საგარეჯოში შევასწარი, ბიძაშვილებთან, ქურხულების უბანში…
თუ კომენდანტის საათის შემდეგ ჩავაღწევდით, ტაქსის დაჭერას შევეცდებოდით (ტაქსის შეეძლო გადაადგილება, ოღონდ, ყოველ ბლოკპოსტზე საგულდაგულოდ გამოწმებდნენ). თუ ტაქსის ვერ დავიჭერდით და ისევ ჩემი ავღანელი არ მოგვეშველებოდა, როგორც მაშინ – 12 მაისს, 10 დღის წინ, მაშინ კიევის რკინიგზის ვაგზალში მოგვიწევდა ღამის გათენება, მაგრამ ეგეც არაფერი – ომი ომია, თანაც ვადიმას სასტუმროს მატრასების შემდეგ რკინიგზის ვაგზალში კი არა ტანკზე დავიძინებდით…
გოგა გზაში დროს არ კარგავდა და გამუდმებით რეკავდა ქართველ და უკრაინელ თანამებრძოლებთან. ზოგი აფხაზეთის ომიდან მოჰყვებოდა, ზოგი – უკრაინის ბრძოლებიდან, 2014 წლიდან მოყოლებული. დაუკავშირდა და შეხვედრაზე შეუთანხმდა უკრაინული შეიარაღებული წინააღმდეგობის ცოცხალ ლეგენდას, „უნა უნსოს“ მეთაურს, ვალერი ბობროვიჩს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის… დაუკავშირდა ქართველ მებრძოლებს, რომლებსაც მეორე დღესვე, ანუ ხვალ, 23 მაისს, დავუთქვით შეხვედრა… ჯერჯერობით, ამაოდ ცდილობდა დაკავშირებას თანამებრძოლთან და აქ, უკრაინაში უკვე და საკმაოდ ცნობილ საველე მეთაურებთან, „ტოპოლიასთან“ „კუმთან“ (ეს მეტსახელებია ე.წ. „პოზივნოები“) .
ოლეგ ბელიი თუ ბილიი, რომელიც 15 მაისს სწორედ დნეპრში წასვლის წინ შეგვხვდა და ჩვენს პასპორტებს ფოტოები გადაუღო, ყველანაირ დახმარებას შეგვპირდა და წავიდა, ეგრეც წავიდა და წავიდა, აღარც გამოჩენილა, არც ჩვენი ზარებისთვის არ უპასუხია… გოგა ამბობდა, ალბათ ფრონტის ხაზზე არიანო… რომც არ ყოფილიყვნენ მაინც არ გავამტყუნებდი… ომია, ომში კი ზედმეტად არავის არავისი თავი არა აქვს…
უკვე ღამის 11-ის ნახევარი იყო, კიევში რომ ჩავაღწიეთ… აქედან ჩვენი უბანი „სლავუტიჩი“, სადაც ისევ ვალერა სერგეევს უნდა მივდგომოდით, საკმაოდ შორი იყო. შეიძლება, ვერც მიგვესწრო კომენდანტის საათის დაწყებამდე და შეიარაღებულ პატრულს ჩავვარდნოდით ხელში… მაგრამ ისე გვინდოდა ამ დაძაბული ერთი კვირის შემდეგ, საწოლში ადამიანურად გამოძინება, რომ გადავწყვიტეთ, გაგვერისკა „ილი ნარი, ილი კანარი!..“ და ვალერი სერგეევის „ასობნიაკი“, დიახაც რომ, კანარის ვილებად გვეჩვენებოდა… თანაც ვის დავუმალო, ორივეს გვევასებოდა ეს რისკი და ხიფათი და ჰა ეხლა…
გვევასებაო და გიყვარდეს, კაი კისრისტეხით შევცვივდით კიევის მეტროში, „სლავუტიჩამდე“ რომ მიგვესწრო…. ჭყონია ისე მარჯვედ დაძვრებოდა და იკვლევდა გზას, 4-ხაზიან, დახლართულ და ურთულეს კიევის მეტროში, თითქოს მისი გათხრილი და აშენებული ყოფილიყოს… სწორედ გოგას ალღოს წყალობით, „სლავუტიჩის“ მეტროდან ტყვიასავით გამოვარდნილებმა ფეხად შევასწარით ვალერა სერგეევის სახლში, სადაც ძიაძია ვალერა დიდი ოვაციებით შეგვხვდა… ძალიან გაიხარა, ჩვენი დანახვით, ჩვენმა გერმანელმა ქალბატონმა – ავჩარკა „გრეტჰენმაც“…
დაბოლოს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ მეორე სართულზე, კვლავ „ჩემს ოთახში“, ნამდვილ ადამიანურ საწოლზე გავიშხლართე, სადაც მატრასებისგან განსხვავებით, ძილში წონასწორობის დაცვა აღარ მიწევდა, ნამდვილი კახური გულწრფელობით აღმომხდა…
– ე, რა კარგი რამე ყოფილა „კრაოტი“, ბიჯოო…