ინტოქსიკაციის სიმპტომებით ტექსტილის საწარმოს 50-მდე თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

აჭარაში ბობოყვათის სამკვერალოდან 50-მდე თანამშრომელი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკებში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მარინა ზანაქიძის თქმით, სამი მათგანი რეანიმაციაშია გადაყვანილი, მაგრამ ამ ეტაპზე ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

„50-მდე პაციენტია გადანაწილებული ქობულეთის ორ კლინიკაში. პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ძირითადად არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინტოქსიკაცია. მხოლოდ სამი პაციენტია რეანიმაციაში, რომელთაც გაეწიათ პირველადი დახმარება, ამ ეტაპზე, ყველას მდგომარეობა სტაბილურია. მიზეზს ვერ დაგიზუსტებთ, მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა მარინა ზანაქიძემ.

„აჭარა ტექსტილის“ საწარმოში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ, რას შეიძლებოდა ყოფილიყო თანამშრომლების შესაძლო მოწამვლის მიზეზი. სამკერვალოში ბუნებრივი აირის გაჟონვის შესაძლებლობასაც იკვლევდნენ, მაგრამ საწარმოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გაზის გაჟონვა ჯერჯერობით არ დასტურდება. „აჭარა ტექსტილში“ მომხდარის მოკვლევა დაიწყო შრომის ინსპექციამაც.