რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის თქმით, წუხელ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში რუსი სამხედროების თავშეყრის ადგილი HIMARS-ებით დაბომბეს, რის შედეგადაც 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
„წუხელ HIMARS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტებით მელიტოპოლის ინდუსტრიულ რაიონებში საოკუპაციო ძალების დროებითი თავშეყრის ადგილები დაიბომბა. წინასწარი მონაცემებით, განადგურდა სამხედრო შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ასზე მეტმა რუსმა სამხედრომ კი, რომლებიც დროებით მოწყობილ ბარაკებში იყვნენ, კობზონის კონცერტის ბილეთი მიიღო. ხოლო მათი მშობლები უკვე არჩევენ „ლადას“ მარკის მანქანის მოდელსა და ფერს“, – წერს მელიტოპოლის მერი.
ივან ფიოდოროვის თქმით, ასეთი მასშტაბის სარაკეტო იერიშის წარმატებით განხორციელება მოწმობს, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები ვერ უმკლავდებიან HIMARS-ის რაკეტებს. თანაც, მათი ნაწილი ხერსონის დასაცავად გადაიყვანეს უკრაინელთა მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ. თავის მხრივ, მელიტოპოლში რუსული არმიის დასუსტება ზაპოროჟიის რეგიონშიც ქმნის კონტრშეტევის წამოწყების საფუძვლებს.