რუსეთში, მოსკოვის მახლობლად კრემლის იდეოლოგის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მანქანა აფეთქდა.
BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად დარია დუგინა დაიღუპა.
ინფორმაციას ადასტურებს რუსული პროპაგანდისტული არხის Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი.
BBC-ის თქმით, სავარაუდოა, რომ თავდასხმის ობიექტი, შესაძლოა, „პუტინის ტვინად“ ცნობილი ფილოსოფოსი, ალექსანდრე დუგინი ყოფილიყო.
რუსული მედია იუწყება, რომ მამა-შვილი საღამოს ღონისძიებიდან ერთი და იმავე მანქანით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ალექსანდრე დუგინმა გადაწყვეტილება ბოლო წუთს შეცვალა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა საინფორმაციო სააგენტო Tass-ს დაუდასტურეს, რომ სოფელ ბოლშიე ვიაზემიში აფეთქების შედეგად ქალი მძღოლი დაიღუპა, მაგრამ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება შეკვეთილი და წინასწარ დაგეგმილი იყო. გამოძიების ინფორმაციით, მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული. მანქანა ექსპერტებმა დაათვალიერეს, ამოიღეს ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერიც.
მედიაში ვრცელდება შემთხვევის ადგილზე მისული ალექსანდრე დუგინის კადრები. რუსული მედიის ცნობით, დუგინი ამ ეტაპზე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Great Aleksandar Dugin may God give you strength and the kingdom of heaven to your daughter. ☦️?? pic.twitter.com/PznfgCOWRN
— Cleethopres (@Cleethopres3355) August 20, 2022
კიევმა აფეთქებასთან კავშირი უარყო.
დარია დუგინა მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
ამ წლის დასაწყისში ის აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. დუგინა რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ონლაინ დეზინფორმაციას ავრცელებდა.
მაისში, ერთ-ერთ ინტერვიუში დარია დუგინამ უკრაინაში რუსეთის ომი აღწერა, როგორც „ცივილიზაციათა შეჯახება“ და გამოხატა სიამაყე, რომ მასა და მამამისს დასავლეთმა სანქციები დაუწესა.