კომუნიკაციების კომისიამ „ოცნების“ საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ დაასანქცირა

პუბლიკა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა და სამ არხს: „მთავარს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანია პირველს“ სანქცია დაადო.

კომისიის გადაწყვეტილებით, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“ გააფრთხილეს, „მთავარი არხი“ კი 118 689 ლარით დაჯარიმდა.

კომისიამ განმარტა, რომ „ფორმულასა“ და „ტვ პირველისთვის“ ეს პირველი დარღვევაა, ხოლო „მთავარი არხისთვის“ წელს მეხუთე.

საქმე ეხება 2022 წლის 8 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნების” მიერ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს სამი კრიტიკული მედიის – „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „ტვ პირველის“ სამართალდამრღვევად ცნობას 23-24 ივნისს „შინ ევროპისკენ“ კლიპის გაშვების გამო.

სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ განაცხადა, რომ რეკლამა არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს. მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირება იმგვარად არ უნდა მოხდეს, რომ გამოიწვიოს რომელიმე პარტიის დისკრედიტაცია, ეს ვიდეორგოლი კი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსების ქმედებები წინააღმდეგობაშია საზოგადოების ინტერესთან და „მათ მიერ გაკეთებული განცხადებების „კრებული“ უფლებებს არღვევს, რადგან არ ასახავს სრულ პოზიციას“.

განცხადება გაავრცელა კომუნიკაციის კომისიამაც:

„კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით დააჯარიმა.

საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

რეკლამის სტატუსის განსაზღვრისთვის კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ყურადღება  როგორც სარეკლამო რგოლის შინაარსზე და კონტექსტზე, ასევე მის მიზანზე გაამახვილა.

ვიდეორგოლის შესწავლისას კომისიამ დაადგინა, რომ აშკარაა მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი ერთის მხრივ, იყო 24 ივნისს გასამართი მანიფესტაციის რეკლამირება, რომ მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების მიმართ უარყოფითი აზრის ფორმირებას და მათი არჩევის ხელშეშლას.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ სადავო ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსების საკითხს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის ეთერში განთავსება იკრძალება კენჭისყრამდე 50-ე დღემდე.

კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე  და დასრულდეს  კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში – მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან  და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე  8 საათით ადრე. ვინაიდან 2022 წლის 23 და 24 ივნისს არ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მაუწყებლებს არ ჰქონდათ უფლება განეთავსებინათ პოლიტიკური რეკლამა.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით განთავსების გამო, მაუწყებლების სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აღნიშნული კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ და მათ მიმართ სანქციის არც ერთი სახე  გამოყენებული არ ყოფილა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. „მთავარი არხი“ კი ანალოგიური სამართალდარღვევისთვის 2019, 2020 და 2021 წლებში სამართალდამრღვევად ცნობილი 4-ჯერ იყო, ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მთავარი არხის“ მიერ აღნიშნული კანონდარღვევა მეორედ განხორციელდა და მაუწყებელი უკვე იყო დაჯარიმებული. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა, 118,688.67 ლარი დააკისრა“, – ნათქვამია განცხადებაში.