დღეს NASA-თვის ბოლო ათეული წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ფლორიდაში, კენედის კოსმოსურ ცენტრში ახალი კოსმოსური ხომალდის გაშვებისთვის ემზადებიან, რომელმაც მთვარის გარშემო უნდა იმოგზაუროს.
„აპოლოს“ მისიიდან 50 წლის შემდეგ, NASA მთვარეზე ადამიანის მეორედ გაგზავნას აპირებს, „არტემისის“ პროგრამის ფარგლებში დღეს დედამიწის თანამგზავრისკენ ახალი კოსმოსური ხომალდი პირველ საცდელ ფრენას შეასრულებს.
„აპოლოს“ მისიის შემდეგ სწორედ „არტემისი“ უნდა გახდეს მეორე კოსმოსური პროგრამა, რომელიც საცდელი ფრენის წარმატების შემთხვევაში მთვარეზე წაიყვანს ადამიანებს.
NASA აცხადებს, რომ „არტემისის“ პროგრამა მთვარის გამოკვლევაში ახალ ეპოქას ჩაუყრის საფუძველს. კოსმოსური ხომალდი ახალი, SLS ტიპის გამშვებ და „ორიონის“ განკარგვის მოდულებს შეიცავს. ორივე მათგანისთვის ეს სადებიუტო გაშვება იქნება. BBC-ის მიხედვით, SLS ტიპის გამშვები მოდული ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რაც აქამდე კოსმოსური ხომალდებისთვის NASA-ს შეუქმნია.
მართალია, „ორიონში“ ცოცხალი ასტრონავტები არ იქნებიან, მაგრამ კაფსულა ეკიპაჟის გარეშე მთვარის გარშემო არ იმოგზაურებს. მთვარისკენ სამი მანეკენი და პლუშის სათამაშო „სნუპი“ გაემგზავრებიან. ერთი შეხედვით უცნაურ ეკიპაჟს თავისი დანიშნულება აქვს. სათამაშოს გრავიტაციის ინდიკატორად გამოიყენებენ, მანეკენებზე კი რადიაციის გავლენას შეისწავლიან.
„ორიონის“ მოგზაურობა მთვარის გარშემო 42 დღეს უნდა გაგრძელდეს. შემდეგ, როგორც დაგეგმილია, კაფსულა წყნარ ოკეანეში ჩაეშვება.