რუსულმა სახელმწიფო გაზის კომპანია Gazprom-მა ევროპის მომმარაგებელი გაზსადენის Nord Stream 1-ის მუშაობა დროებით შეაჩერა. რუსული კომპანიის განცხადებით, გაზსადენის ფუნქციონირება სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა და 2 სექტემბერს განახლდება.
ამ ზაფხულს Gazprom-მა ერთხელ უკვე დახურა Nord Stream 1 „ყოველწლიური ტექნიკური მომსახურების“ მიზეზით. ივლისში გაზსადენი 10 დღის განმავლობაში არ მუშაობდა. Nord Stream 1 ბალტიის ზღვის გავლით რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს და ყველაზე მსხვილი გაზსადენია, რომლითაც ევროპა რუსულ ბუნებრივ აირს იღებს.
ევროპაში კი შიშობენ, რომ გაზსადენს რუსეთი პოლიტიკურ იარაღად ხმარობს ევროპაზე ზეწოლის მოსახდენად და შესაბამისად, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად.
რუსეთმა ევროპის რამდენიმე ქვეყანას გაზის მიწოდება უკვე შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც მათ გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს. ასევე Gazprom-მა შეამცირა Nord Stream 1-ის მუშაობა და ბოლო პერიოდში, მის დროებით დახურვამდე, გაზსადენს მხოლოდ 20%-ით ტვირთავდა. ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებამ გაზის საფასურის ზრდა გამოიწვია, თუმცა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გაზის საცავების წინსწრებით შევსებას და იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ.