„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მარეგულირებელი ორგანოს მოდელირების მიხედვით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების აფეთქების შემთხვევაში, რადიაციული დაბინძურების საფრთხე ემუქრება საქართველოს, ზოგადად აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, თუმცა რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით, ანტირადიაციული ტაბლეტები საქართველოს არ შეუძენია.
„ასეთ დროს პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები და სახელმწიფოები ემზადებიან ყველაზე მძიმე და უარესი სცენარისთვის. რუმინეთმა გადასცა მოლდოვას 1 მილიონი იოდის ანტირადიაციული ტაბლეტი. მოლდოვამ ტაბლეტები გადაანაწილა სამედიცინო დაწესებულებებში, რომელიც რადიაციული დაბინძურების შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში უნდა მიიღონ მოქალაქეებმა. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე გამოაქვეყნა ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რუსეთს საოკუპაციო ჯარებმა თუ ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ააფექთეს. მოლდოვის ხელისუფლება არ ქმნის პანიკას, მაგრამ მზად არის შესაძლო საფრთხესთან გასამკლავებლად. როგორც რეაგირებენ ამ გამოწვევაზე საჩვენებელი მაგალითი შეიძლება იყოს“, – განაცხადა ნონიაშვილმა.
მისივე თქმით, რუმინეთმა შეიძინა 30 მილიონი იოდის ტაბლეტი, რაც 6 მილიონი ევრო დაუჯდა, ბულგარეთმა ასევე შეავსო ანტირადიაციული იოდის ტაბლეტების მარაგები, ანალოგიურად მოიქცა ჯამში ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა. ამასთან ერთად ევროკავშირმა მოამარაგა უკრაინა ანტირადიაციული ტაბლეტებით.
„ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძენია ანტირადიაციული ტაბლეტები მსგავსად სხვებისა, და ამით მოქალაქეებს ტოვებს დაუცველს. ჩვენთვის საჯაროდ არ რეაგირებს, არ მოქმედებს და აქედან გამომდინარე ჩვენთვის უცნობია რაიმე ზომები აქვს თუ არა მიღებული საერთოდ. ეს ხელისუფლება ხუჭავს რუსეთის აგრესიიდან მომდინარე ყველა საფრთხეზე თვალს“ – განაცხადა ნონიაშვილმა
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა, ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, რომ საფრთხეებიდან გამომდინარე, უკვე უნდა ამზადებდნენ სამედიცინო სისტემას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პირველადი ჯანდაცვის გადამზადება და მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმირებაა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა მათ ადეკვატურად გამოიყენონ და არ მოხდეს მედიკამენტის პანიკურად ან არ საჭიროების შემთხვევაში გამოყენება. ეს კამპანია უკვე უნდა მიდიოდეს და ასევე უნდა განსაზღვრული და ყველა რგოლი უნდა იყოს საქმეში თუ როგორ განხორციელდება ამ მედიკამენტისა და არამარტო ამ მედიკამენტის ლოჯისტიკა.
სამწუხაროდ ჩვენ ამ მიმართულებით ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების, ხოლო შემდგომში ჯანდაცვის სამინისტროს, გადაუდებელი მედიცინისა და კატასტროფის სამსახურის, შსს-სა და სააგენტოს პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე იყოს დაწყებული სამზადისი, რათა კრიზისულ ვითარებას მომზადებულები შევხვდეთ და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, როგორც სამედიცინო სისტემამ, ისე მოქალაქეებმა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტების გამოყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ეს კარგად უნდა იყოს განსაზღვრული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამას სჭირდება ორგანიზებული, მიზანმიმართული, საინფორმაციო კამპანია“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.