კუპიანსკისა და იზიუმის უბნებისთვის ბრძოლა გრძელდება - გენერალური შტაბის ანგარიში

პუბლიკა

უკრაინული სამხედრო ძალები კუპიანსკში შევიდნენ. ხარკოვის ოლქის კუპიანსკისა და იზიუმის უბნების განთავისუფლება გრძელდება. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში, რომელიც 11 სექტემბერს, 06:00 საათისთვის გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 16 სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელა, მათ შორის  28 სამოქალაქო დასახლებებს მოხვდა.

ანგარიშის მიხედვით, გასული დღის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით რუსეთის ქვედანაყოფები დამხმარე საშუალებების გარეშე დარჩნენ და პერსონალი პანიკაში იყო. გენერალური შტაბის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით რუსებმა მნიშვნელოვნად დაკარგეს ცოცხალი ძალა, შესაბამისად, ისინი დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მამრობითი სქესის მოსახლეობის მობილიზაციას გეგმავენ და მამაკაცებს დასახლებების დატოვება ეკრძალებათ.

ხარკოვისა და ხერსონის ოლქების დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები ამკაცრებენ საპოლიციო რეჟიმს. აკრძალულია რაიონებში შესვლა და გამოსვლა, დაწესდა კომენდანტის საათი.

გენერალური შტაბის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გააფრთხილეს კახოვკასა და კოზაცკეს მოსახლეობა, რომ გადასასვლელებთან მიახლოების შემთხვევაში ესვრიან.

გასული დღის განმავლობაში, სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 23 დარტყმა განახორციელა, რომლის დროსაც განადგურდა რუსეთის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა, გაანადგურდა ორი თვითმფრინავი (Su-25 და Su-34), ერთი Ka-52 ვერტმფრენი, ორი უპილოტო საფრენი აპარატი.