ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, ორსული მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით მიუსაჯა.

ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობდა.

2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.