ირანში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტის წინ, 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად მორიგი აქცია იმართება.

სოლიდარობის ნიშნად თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა თმა მოიჭრეს.

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამური რესპუბლიკის „ზნეობის პოლიციის“ მიერ დაკავებული ქალი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ერთკვირიანი დემონსტრაციების შედეგად ოცდათხუთმეტი ადამიანი დაიღუპა, პროტესტი კი ქვეყნის 31 პროვინციაში გავრცელდა.

ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციების წინა ხაზზე ქალები არიან, რომლებიც პროტესტის ნიშნად წვავენ თავსაბურავებს.

თეირანის ცენტრში ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღმდეგ გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა გაანადგურეს ხომეინის პოსტერები. ქალებმა პროტესტის ნიშნად მოიხსნეს ჰიჯაბები, საჯაროდ შეიჭრეს თმები.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლა 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა, თუმცა  ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.