„ვაპირებთ, განვავითაროთ მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“ - საზმაუს შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა „ვისოლ ჯგუფმა” იყიდა, – ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს” კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ თავად დაუდასტურა. 

ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურის განვითარება სურთ.

„ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია, ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია „კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.

მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვავითაროთ საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე”, -აცხადებს სოსო ფხაკაძე.

თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი არხი” ავრცელებს.

მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გატანილი. გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა.