საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობამ” ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გამართა.
დღევანდელ აქციას ,,ანტიკორუფციულმა მოძრაობის” წევრებთან ერთად ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
„ჩვენი მოთხოვნა 2 წლის თავზეც უცვლელია. ჩვენ გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან დღემდე პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციიდან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა ჩვენთან შეხვედრას, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა 2 წლის თავზეც, ბატონი ირაკლი ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციის დამყარებას და ელემენტარული ოჯახის ნახვას და მოკითხვას. ირაკლი ბებუა დღემდე 2 წლის თავზე იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში და მთავრობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, იმისთვის რომ გაათავისუფლონ ირაკლი.“ – აცხადებს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. მას ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯეს.