თბილისის მერიამ კულტურის სამინისტრო 25 000 ლარით დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
თბილისის მერიის ცნობით, კულტურის სამინისტროს შენობაზე სადემონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მშენებელი კომპანია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აწარმოებდა, რაზეც მუნიციპალურმა ინსპექციამ საქმის მოკვლევა დაიწყო და სამინისტროს მიმართ მითითებაც გასცა.
„22 ივლისს კანონის შესაბამისად, შედგა შემოწმების აქტი, რომლითაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა დაფიქსირდა ამის შემდეგ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 25 000 ლარით დააჯარიმა“, – განაცხადეს მერიაში.
„პუბლიკას“ დედაქალაქის მერიაში განუმარტეს, რომ კულტურის სამინისტრომ დაჯარიმების შემდეგ პრობლემა აღმოფხვრა, რის შემდეგაც მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაეგრძელებინათ კულტურის სამინისტროს შენობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
რა სამუშაოებს ატარებს კულტურის სამინისტრო კუთვნილ შენობაში?
არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კულტურის სამინისტრო განმარტებით ბარათში წერს, რომ სამინისტროს შენობაში, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი, უნდა ჩატარდეს შიდა სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მოხდეს შენობის მაქსიმალური ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან; საჭიროა ეზოს რეაბილიტაცია და არსებული საინჟინრო ნაწილების გაუმჯობესება.