თსუ-ის რექტორის თანამდებობა ვაკანტურია, არჩეულმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ საზოგადოებას გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 7 ოქტომბერს მოულოდნელად აცნობა. შვიდ ოქტომბერსვე გავრცელდა ინფორმაცია მედიაში გიორგი შარვაშიძის შესაძლო შემცვლელის შესახებ.
მედია წერდა, რომ რექტორობა ჯაბა სამუშიას სურდა. მედიაში ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა საჯარო მილოცვებიც, რაზეც მოგვიანებით ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ „რაღაც მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, თითქოს მე თსუ-ის რექტორი გავხდი“ და „ახლა ვზივარ, ვურეკავ ყველას, ვინც ნაცნობია, რომ აიღონ პოსტი, რომ ტყუილია, რადგან ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი “.
ამ განცხადებიდან ზუსტად 4 დღეში ცნობილი გახდა, რომ ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ერთადერთი კანდიდატია. აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს უნდა მიიღოს. არჩევის შემთხვევაში ის 6 თვის ვადით უხელმძღვანელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უფლებამოსილების ვადებში უნდა დაინიშნოს ახალი რექტორის არჩევნები, რომელში მონაწილეობა თავადაც შეეძლება.
ჯაბა სამუშია პოლიტიკაში
51 წლის ჯაბა სამუშია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, რომლის სამუშაო გამოცდილება 1994 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობით იწყება.
2010 წლის საკრებულოში „ქრისტიან დემოკრატების“ პარტიული სიით მოხვდა. პარტია თბილისის საკრებულოში სამი მანდატით იყო წარმოდგენილი – ჯაბა სამუშია, ზაზა გაბუნია და კახა ბროკიშვილი, რომელმაც საკრებულოში ინგა გრიგოლია შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას შეუერთდა. თბილისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობა 2013 წელს დაეშალა.
სამუშიამ 2014 წლის არჩევნების შემდეგაც მუშაობა საკრებულოში გააგრძელა. 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ის „ქართული ოცნების“ დეპუტატად მოგვევლინა. საკრებულოში თემქის ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.
2018 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2020 წლის 11 აგვისტოს ფონდის დირექტორად დაინიშნა.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდში მუშაობის წლები
ისტორიკოსი ჯაბა სამუშია 2018 წლიდან რუსთაველის სამეცნიერო ფონდში ჯერ მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი ხელმძღვანელად.
სამუშიას სახელს უკავშირდება ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა გრანტების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებული სკანდალი.
საუბარია 2021 წლის სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებულ 13 პროექტზე. 2021 წლის კონკურსში სხვადასხვა მუზეუმის მეცნიერების მიერ მომზადებულმა 13 პროექტმა გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტების სია ცნობილი 2021 წლის თებერვალში გახდა. თებერვალშივე ეროვნული მუზეუმის დირექტორატის წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა სამუშიას პროექტების დაფინანსების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში დიდი კრიტიკა და გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე თვეში მუზეუმის დირექტორატმა გადაწყვეტილება შეცვალა და 13-დან 12 გამარჯვებულ პროექტს დაფინანსება გადაეცა. ერთი პროექტი კი კვლავ დაბლოკილია.
ახალბედაშვილი სამუშიას წერდა, რომ პროექტები ნორმატიული აქტით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით გაიგზავნა, თითქოს დავით ლორთქიფანიძემ (ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი) 2021 წლის მაისში სამეცნიერო ფონდში პროექტები დასაფინანსებლად მისი გვერდის ავლით გაგზავნა და მან ეს „შემთხვევით შეიტყო“.
საგრანტო პროექტების განმხორციელებელთა რიგებში ნიკა ახალბედაშვილისა და თეა წულუკიანის მიერ მუზეუმიდან გათავისუფლებული მეცნიერები იყვნენ. ამიტომაც საგრანტო დაფინანსებების შეჩერებაზე გადაწყვეტილება შურისძიებად შეფასდა. გამარჯვებული პროექტების ავტორები ამბობდნენ, რომ „პროცედურების უხეში დარღვევა“ მოგონილი მიზეზი იყო და რეალური მიზანი იმ მეცნიერების დასჯა იყო, რომლებიც მუზეუმში წულუკიანის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
19 თებერვალს მეცნიერებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევის საკითხს საქართველოში, უგულებელყოფდა მეცნიერთა ძალისხმევას და ვნებდა წლების განმავლობაში რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიმართ მოპოვებულ ნდობას.
ამავე თემაზე ღია წერილით უშუალოდ ჯაბა სამუშიას ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან იმ მეცნიერებმა მიმართეს, რომლებიც სხვადასხვა დროს რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსების შერჩევის პროცესში მონაწილეობდნენ. მეცნიერთა ღია წერილი „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა.
წერილში ნათქვამია, რომ მათ მიერ შეფასებულ და მოწონებულ 13 პროექტს მუზეუმის ახლად შექმნილმა დირექტორატმა „წმინდა პროცედურული ნიშნით“ უარი უთხრა პროექტების დაფინანსებაზე. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ პროექტების უმეტესობა საბოლოოდ დაფინანსდა, თუმცა ერთი მათგანი კვლავ დაბლოკილია.
მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ ჯანაშიასა და ამირანაშვილის მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლების გამო და არქეოლოგიურ გათხრებზე ნებართვების შეფერხებებით გაცემის გამო. ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულ მკვლევართა უმრავლესობას ჰქონდა გრანტები რუსთაველის ფონდიდან, თუმცა ამ მეცნიერებმა მუზეუმში დაწესებული აკრძალვების გამო კვლევების განხორციელება ვერ შეძლეს.
არც აღნიშნულ განცხადებებზე და არც 13 საგრანტო პროექტისთვის დაფინანსების შეჩერების მოთხოვნაზე ჯაბა სამუშიას საჯარო სივრცეში არასოდეს არაფერი უთქვამს.
„დავით გარეჯი“ „ისტორიის სახელმძღვანელო“ და სხვა განცხადებები
რუსთაველის ფონდის დირექტორად მუშაობის პერიოდში ჯაბა სამუშია არაერთხელ ყოფილა მედიის სტუმარი. 2021 წლის დეკემბერში „იმედის“ ეთერში ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანის თემაზე ისაუბრა.
„ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას?! როდესაც ის ქველმოქმედებას ახორციელებდა ქართული არმიის, სამების საკათედრო ტაძრის, კულტურული ძეგლების, მაშინ ის იყო ქველმოქმედი, დღეს კი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ის ქველმოქმედი არ არის?! – სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტით ვინმეს დაუკვეთო, რომ შენ ისტორიაც ასე უნდა წერო. ეს არის სამარცხვინო. ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო 30-40-იან წლებში, საბჭოთა პერიოდში, როდესაც ბელადს შეეძლო პერსონები გაექრო ისტორიიდან“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ასევე „იმედის“ ეთერში შეაფასა იორდანიაში საქართველოსთვის მიწის გადაცემის ფაქტი. 2022 წლის იანვარში საქართველოს იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, 4 000 კვ.მ მიწა გადაეცა.
„ეს არის წმინდა მიწაზე ქართველთა დაბრუნების დასაწყისი. ეს კულტურული ცენტრი უნდა იქცეს და იქცევა კიდეც ქართველთა სამეცნიერო ცენტრად. ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო იბრუნებს იმ დაკარგულს წმინდა მიწაზე, რაც ჩვენმა ისტორიამ შექმნა“, – განაცხადა საბა სამუშიამ.
იძებნება მისი განცხადებები „დავით გარეჯის“ საქმესთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაშიც ის ტელეკომპანია „იმედის“ სტუმარი იყო.
ჯაბა სამუშიას კანდიდატურა – არის თუ არა პროცესი „გარედან“ მართული?
20 ოქტომბერს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. კონკურსში მხოლოდ ჯაბა სამუშია მონაწილეობს. აკადემიურ საბჭოში 21 წევრია. ის წარმოადგენს 7 ფაკულტეტს (თითო ფაკულტეტიდან 3-3 წევრი).
„პუბლიკა“ აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრს დაუკავშირდა და ჰკითხა, რას ფიქრობენ თსუ-ის რექტორის გადადგომაზე და მოვალეობის შემსრულებლის არჩევის პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
აკადემიური საბჭოდან ჩვენს კითხვებს მხოლოდ მარინა ჩიტაშვილმა უპასუხა. მარინა ჩიტაშვილი აკადემიურ საბჭოში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს წარმოადგენს.
მარინა ჩიტაშვილი უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის წესს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის უნივერსიტეტის ავტონომიურობის დარღვევისა და გარედან მანიპულირების შესაძლებლობას კანონიც იძლევა.
ჩიტაშვილი უმაღლესი განათლების შესახებ კანონს გულისხმობს, რომელიც მოითხოვს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეულ იქნეს ისეთივე წესით, როგორითაც რექტორი ირჩევა. მისი თქმით, კანონის ეს ნორმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შესახებ ფაქტობრივად უნივერსიტეტის მმართველობის წესში ჩარევაა.
„შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი წესი არ მუშაობს არცერთ უნივერსიტეტში, რადგან რექტორის არჩევა არის შიდა საუნივერსიტეტო საქმე და არანაირი აუცილებლობა არ არის მისი გაწერის. უფრო მეტიც რექტორს ჰყავს სულ ცოტა ორი მოადგილე და ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელთაც სულ თავისუფლად შეუძლიათ ჩაატარონ არჩევნები და თუნდაც არ შეიქმნეს ვაკუუმი რექტორის გადადგომის შემდეგ და უნივერსიტეტში მუშაობა არ შეფერხდეს“.
ჯაბა სამუშიასთან დაკავშირებულ კითხვას კი უპასუხა, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ კითხვები მასაც გაუჩინა.
„ვერსია, რომ მას დაავალეს ამის გაკეთება, ამაზე პასუხი მხოლოდ მას აქვს. რატომ არ არის სხვა კანდიდატურა? რა გითხრათ. აკადემიურ საბჭოს არჩევნების შედეგებით გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა აზრი განცხადების შეტანას. ისიც ფაქტია, რომ შარვაშიძის წასვლა საკმაოდ მოულოდნელი იყო, არგუმენტაცია კი – დამაბნეველი“, – ამბობს ჩიტაშვილი.
რუსთაველის ფონდში სამუშიას საქმიანობაზე და ასევე თსუ-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე შეკითხვით მივმართეთ რუსთაველის ფონდის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრს ზაალ კოკაიას.
ზაალ კოკაიას თქმით, ჯაბა სამუშიას დირექტორად დანიშვნის დღიდან რუსთაველის ფონდის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს მხოლოდ ერთი ბორდის სხდომა ჩატარდა და მას არ ჰქონია შესაძლებლობა, დეტალურად გასცნობოდა ფონდის მუშაობას ბოლო წლების განმავლობაში, რის გამოც უჭირს შეფასების გაკეთება.
„სამწუხაროდ, ბატონი ჯაბას დირექტორად დანიშვნის დღიდან მე რამდენადაც მახსოვს მხოლოდ ერთი ბორდის სხდომა ჩატარდა. ამდენად, მე არ მქონია საშუალება დეტალურად გავცნობოდი ფონდის მუშაობას ბოლო წლების განმავლობაში და მიჭირს რაიმე შეფასების გაკეთება.
რაც შეეხება მუზეუმის პროექტის დაფინანსების შეჩერებას, რამდენადაც საჯარო ინფორმაციიდან ვიცი, ეს საკითხი ძირითადად დადებითად გადაწყდა მეცნიერების სასარგებლოდ, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მეცნიერისთვის აკადემიური თავისუფლება, სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო სტანდარტებით, მიუკერძოებლად და ანონიმურად შეფასება და სამეცნიერო მასალისა და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა არის წარმატებისა და მაღალი დონის მეცნიერების განვითარების ქვაკუთხედი“, – ამბობს კოკაია.
უნივერსიტეტში რექტორის გადადგომაზე და მოვალეობის შემსრულებლის არჩევის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კი გვიპასუხა:
„ზოგადად ვთვლი, რომ თსუ-სთვის, როგორც ინსტიტუციისთვის, ძალზედ უარყოფითია, როცა უკვე ბევრი წელია, არცერთი რექტორი არ/ვერ ასრულებს მანდატით განსაზღვრულ ვადას. თავად ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში გამჯდარია აზრი, რომ წინასწარ არის განსაზღვრული, ვინ იქნება ახალი რექტორი, ასევე ძალიან ცუდია და ნამდვილად არ ასახავს უნივერსიტეტების ავტონომიის იმ დონეს, რომელიც უნდა იყოს განსაზღვრული ევროპული სტანდარტებით“, – ამბობს კოკაია.
„თუ ჩემი კანდიდატურა დამტკიცდება, მოგცემთ ინტერვიუს – ჯაბა სამუშიას პოზიცია
შოთა რუსთაველის ფონდში საქმიანობაზე და თსუ-ის მოვალეობის შემსრულებლის გარშემო განვითარებული მოვლენების კრიტიკაზე კითხვები გავუგზავნეთ ჯაბა სამუშიასაც. მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ამიტომ კითხვები წერილობით გავუგზავნეთ.
- რუსთაველის ფონდში თქვენი დირექტორობის დროს ეროვნული მუზეუმის დირექტორატმა მოგმართათ გამარჯვებული 13 პროექტის დაფინანსების შეჩერების თხოვნით. ამ ფაქტის გამო ქართველმა მეცნიერებმა 2021 წლის თებერვალში საჯარო განცხადებით მოგმართეს. ისინი თქვენგან ამ ფაქტის შეფასებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს გადაწყვეტილება ფონდის ავტორიტეტს აზიანებდა. ღია წერილით ასევე მოგმართეს ევროპელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა, მათი წერილი რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნდა. რას უპასუხებთ თქვენს კოლეგებს და როგორი იყო თქვენი პოზიცია 13 პროექტის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებაზე.
- გადადგომაზე გიორგი შარვაშიძის განცხადების დღესვე, 7 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თქვენი კანდიდატობის შესახებ. ინფორმაცია 4 დღეში დადასტურდა. მოვლენების ასეთი განვითარება ადამიანებს უჩენს ეჭვს, რომ პროცესი პოლიტიკურია, წინასწარ დაგეგმილი და ამ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურა მმართველი პარტიის მიერ იქნა შერჩეული. რას უპასუხებდით ამ კრიტიკას და როდის/რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?
ჯაბა სამუშიამ კითხვებზე პასუხად მოგვწერა, რომ „როგორც პირველი, ასევე მეორე შეკითხვა არ შეესაბამება სიმართლეს. სამწუხაროდ, უამრავი შეცდომაა“.
სამუშიას მივწერეთ, რომ მისი პასუხი ჩვენს კითხვებს არ პასუხობდა და კიდევ ერთხელ ვთხოვეთ სატელეფონო ინტერვიუზე თანხმობა, რაზეც გვიპასუხა:
„იმ შემთხვევაში, თუ ჩემს კანდიდატურას აკადემიური საბჭო დაამტკიცებს, დიდი სიამოვნებით მოგცემთ ინტერვიუს. დიდი მადლობა“.
ჯაბა სამუშიას ხედვა
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ჯაბა სამუშიამ წარადგინა CV და უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. გეგმა, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად, უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნდა.
სამოქმედო გეგმა სამგვერდიანია. გეგმაში წერია, რომ მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა 6 თვეა და ეს განაპირობებს სამოქმედო გეგმის მოცულობასა და შინაარსობრივ დატვირთვას.
მისი თქმით, მოვალეობის შემსრულებლის ძირითად ამოცანად გარდამავალ პერიოდში უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებისთვის მზადება მიაჩნია და გამოყოფს იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც, მისი შეფასებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ იქნება გასაკეთებელი. გეგმაში სულ 13 საკითხია. მათ შორის არის სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა და სტუდენტთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პოტენციალის შესწავლა, შესაბამისი ფართებისა და დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა. საკითხების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.