რა უნდა ვიცოდეთ სეზონური დეპრესიის შესახებ

პუბლიკა

თუ წელიწადის გარკვეულ პერიოდში გუნება-განწყობის მკვეთრ ცვლილებას შეამჩნევთ, შესაძლოა, სეზონური აფექტური აშლილობა გქონდეთ. ამ მდგომარეობის შესახებ გთავაზობთ The New York Times-ის სტატიის თარგმანს.

შემოდგომისა და ზამთრის თვეები ხშირად დღესასწაულებისა და არდადეგების მაუწყებელია, თუმცა ბევრისთვის უფრო ბნელი, ცივი დღეები სხვანაირ პერიოდს მოასწავებს: დაღლილობით, აპათიითა და დეპრესიით.

სეზონური აფექტური აშლილობა (SAD) დეპრესიის ტიპია, რომელიც თავს სეზონის შეცვლასთან ერთად იჩენს – შეიძლება, ის შეეხოს აშშ-ის პოპულაციის 10%-ს, იმისდა მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ. ამ სტატიაში ექსპერტები უპასუხებენ სეზონური აფექტური აშლილობის შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს.

ზუსტად რას ნიშნავს სეზონური აფექტური აშლილობა?

„ერთი დიდი, გავრცელებული მცდარი წარმოდგენა SAD-ის შესახებ არის ის, რომ ეს, უბრალოდ, „ზამთრის დეპრესიაა“, – ამბობს ვერმონტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მეცნიერების პროფესორი და კლინიკური ფსიქოლოგი კელი როჰანი. მისივე შეფასებით, როდესაც დღეები უფრო ნაცრისფერი, ცივი ხდება და არდადეგები ახლოვდება, უჩვეულო არ არის დროებითი სისუსტის, დაღლილობის ან სტრესის განცდა, თუმცა სეზონური აფექტური აშლილობა ბევრად უფრო სერიოზულია – ის კლინიკური დეპრესიის ფორმაა, სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება, უფრო დიდხანს გაგრძელდეს ან სეზონურ ცვლილებებთან ერთად მოვიდეს და წავიდეს.

ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, შეიძლება, სეზონური აფექტური აშლილობა გქონდეთ, თუ აღგენიშნებათ გარკვეული სიმპტომები, რომლებიც იწყება და ჩერდება კონკრეტულ თვეებში, ზედიზედ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში. ეს შეიძლება, მოიცავდეს დეპრესიის თითქმის მუდმივ და ყოველდღიურ განცდას, იმ აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვას, რომლებიც ადრე გსიამოვნებდათ, მადის ან წონის ცვლილებას, სიზანტესა და ენერგიის დაქვეითებას, ჩაძინების ან გაღვიძების გართულებას, სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრსაც კი.

სეზონური აფექტური აშლილობის მქონე ადამიანების უმეტესობასთან ყოველივე ეს ზამთარში ვლინდება (ზამთრის დეპრესია) – სიმპტომები ეწყებათ გვიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში და ქრება გაზაფხულზე და ზაფხულში, თუმცა სეზონურმა აფექტურმა აშლილობამ შესაძლოა, თავი იჩინოს გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში (ზაფხულის დეპრესია).

სეზონური აფექტური აშლილობა ბევრად უფრო ხშირია ქალებში. შეერთებული შტატების მაგალითზე, ის უფრო გავრცელებულია ჩრდილოეთ რეგიონებში (როგორიცაა ალასკა ან ნიუ ინგლენდი), ვიდრე სამხრეთში (მაგალითად, ფლორიდაში).

„ადამიანებმა შეიძლება, სათანადოდ ვერ შეაფასონ, რამდენად მძიმედ შეიძლება იმოქმედოს სეზონურმა აფექტურმა აშლილობამ“, – ამბობს დოქტორი პოლ დესანი, იელის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრი და დასძენს, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის „ცხოვრება ნახევარი წლით ჩერდება“.

რა იწვევს?

დოქტორ როჰანის თქმით, ზამთრის სეზონური აფექტური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის დეპრესიული სიმპტომების გამომწვევი ხანმოკლე, ბნელი დღეებია, მაგრამ ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, ეს რატომ ხდება.

წამყვანი თეორია დაკავშირებულია ბიოლოგიური საათის ცვლილებასთან. ჩვეულებრივ, სხეული ღამით გამოიმუშავებს მელატონინს, რაც ხელს უწყობს ძილის გაუმჯობესებას. მზის ამოსვლისას მელატონინის დონის კლება კი ადამიანს გაღვიძებაში ეხმარება, თუმცა, თუ ზამთრის სეზონური აფექტური აშლილობა გაქვთ, მელატონინი პიკს მოგვიანებით აღწევს და დილამდე უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება, რაც ართულებს გაღვიძებას, იწვევს სისუსტესა და დაღლილობას. რადგანაც სიფხიზლის პიკს მოგვიანებით აღწევთ, ეს კი საღამოს დადგომისთანავე ჩაძინებას ართულებს, რაც ახანგრძლივებს უძილობის ციკლს, არაადეკვატურ ძილსა და დაღლილობას, ამწვავებს დეპრესიის სიმპტომებს.

პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორის, კატრინ როკლეინის შეფასებით, ადამიანების უმეტესობა, ვინც დაუცველია SAD-ის მიმართ, დიდი ალბათობით, ყოველთვის მიდრეკილია დაღლილობისკენ.

„იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებიც დაუცველნი არიან SAD-ის მიმართ, დიდი ალბათობით, ყოველთვის ადვილად ექცევიან დეპრესიული განწყობილების ქვეშ, თუმცა ზამთარში სინათლის დონე ეცემა და უეცრად ბალანსი ირღვევა“, – ამბობს კატრინ როკლეინი.

მისივე თქმით, ასევე არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ ხანმოკლე დღეების მიმართ უარყოფითი მოლოდინი, მაგალითად, – „უბრალოდ, ზამთარში კარგად ვერ ვმუშაობ“, „მალე თავს ცუდად ვიგრძნობ“, – ასეთი აზრები ბიოლოგიურ ეფექტებთან ერთობლიობაში შეიძლება, აყალიბებდეს თვითქმნად წინასწარმეტყველებას.

რამდენი ხნით გრძელდება სეზონური დეპრესია?

„მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველასთან სხვადასხვაგვარად ვლინდებოდეს, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს – ზოგისთვის, მაგალითად, ხუთ თვემდე“, – ამბობს დოქტორი ლილი იანი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი.

დოქტორ როჰანის თქმით, ადამიანების უმეტესობისთვის, რომლებსაც აქვთ ზამთრის სეზონური აფექტური აშლილობა, სიმპტომები ოქტომბერ-ნოემბერშია შესამჩნევი, თუმცა ქვეყნის იმ ნაწილებში მცხოვრებთათვის, სადაც ხალხი უფრო დაუცველია, შესაძლოა, სიმპტომები ადრეულ შემოდგომაზეც გამოვლინდეს. სტრესულმა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა, მაგალითად, არასტაბილურმა სამუშაომ, ახლობელი ადამიანის დაკარგვამ, შეიძლება, დეპრესიული ეპიზოდების ჩვეულებრივზე ადრე გამოვლენას შეუწყოს ხელი.

დოქტორი იანი აღნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე სიმპტომები იანვარსა და თებერვალში ვლინდება. მისივე თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს ხდება დროთა განმავლობაში SAD-ის აკუმულირებული ეფექტების გამო. რაც უფრო დიდხანს გრძელდება სიმპტომები, მით უფრო უარესდება ისინი, თუმცა ადამიანები უკეთ გრძნობენ თავს გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულში.

ზაფხულის სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები, რომლებიც გაცილებით ნაკლებადაა გავრცელებული, ჩვეულებრივ იწყება გაზაფხულზე და მთავრდება შემოდგომის დასაწყისში.

სეზონურ დეპრესიასთან გამკლავების საუკეთესო გზები

ექსპერტები შვების საპოვნელად მტკიცებულებაზე დამყარებული რამდენიმე გზის არსებობაზე მიუთითებენ:

კაშკაშა განათების თერაპია

„დილით პირველ რიგში კაშკაშა განათებით მკურნალობა მკვეთრად აუმჯობესებს სეზონური აფექტური აშლილობის მქონე ადამიანების დიდი უმრავლესობის მდგომარეობას“, – აღნიშნავს დოქტორი დესანი. მისივე თქმით, მკურნალობა გულისხმობს გაღვიძებისთანავე (სასურველია დილით ადრე), დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ისეთი თერაპიული ლაითბოქსის [განათება] წინ ჯდომას, რომელიც ბუნებრივი განათების იმიტაციას ქმნის. ამან ხელი უნდა შეუწყოს შესაბამისი ჰორმონების გამომუშავებას, რათა გაზარდოს თქვენი სიმკვირცხლე-სისწრაფე და სიფხიზლე დღის განმავლობაში.

„უბრალოდ, დარწმუნდით, რომ სწორად იყენებთ ამ მეთოდს. საკმარისად ადრე გამოყენებისას შესაძლოა, არ იმოქმედოს და ძალიან გვიან კი – შეიძლება, გაამწვავოს უძილობა“, – ამბობს დოქტორი როჰანი. მისივე თქმით, ექსპერტების უმეტესობა სინათლის თერაპიული სანათების დილის 8 საათამდე გამოყენებას გვირჩევს.

დოქტორი დესანის თქმით, ნათურების უმეტესობა ამ თერაპიისთვის არ გამოდგება. თერაპიული ნათურების ძებნისას უნდა შეარჩიოთ 10 000-ლუქსიანი განათება, რომელიც ზაფხულის მზიანი დილის ტოლფასია. კარგი თერაპიული განათება ამასთანავე უნდა იყოს „სრული სპექტრის“, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განათება ძალიან არის მიმსგავსებული დილის მზის სხივებს. სამწუხაროდ, რთულია იმის გაგება, თუ რას ყიდულობთ სინამდვილეში, რადგან სინათლის თერაპიის ნათურებზე რეგულაციები არ ვრცელდება. მომხმარებლის დასახმარებლად დოქტორ დესანის ლაბორატორიამ თავი მოუყარა კლინიკურად შემოწმებულ ნათურებს და თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა.

„თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ სეზონური აფექტური აშლილობა, სანამ მკურნალობის გეგმას დასახავთ, კონსულტაცია გაიარეთ თერაპევტთან ან ფსიქიატრთან. მათ შეუძლიათ, მოგცენ  მითითებები თქვენთვის ყველაზე ეფექტიანი გეგმის შესახებ და, თუ ეს გეგმა მოიცავს კაშკაშა სინათლის თერაპიას, შეუძლიათ გასწავლონ, როგორ გააკეთოთ ეს სწორად“, – დასძინა დოქტორმა როჰანმა.

კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT)

დოქტორ როჰანის თქმით, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც მიზნად ისახავს არასწორი და ხელისშემშლელი აზრების შეცვლას, ასევე შესაძლებელია, სასარგებლო იყოს. თუ სესიის დროს ამბობთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „მეზიზღება ზამთარი“, – თერაპევტი შეეცდება ასეთი უარყოფითი აზრების რეპოზიციას. „მაშინაც კი, თუ შეგვიძლია, ეს განწყობა დავიყვანოთ ასეთ დამოკიდებულებამდე – „ზამთარს ზაფხული მირჩევნია“, – ამ შეიძლება, შედეგად მოგვცეს სიმპტომებისა და განწყობის დიდი ცვლილება“.

„რადგანაც, სეზონური აფექტური აშლილობის შემთხვევაში კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია ბნელ თვეებთან დაკავშირებულ უარყოფით ასოციაციებს გადაგასინჯვინებთ, ეს არის მკურნალობის ერთადერთი გზა, რომელსაც გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია“, – ამბობს დოქტორი როკლეინი და დასძენს, რომ „[cbt-ს] იმ ზამთარსაც აქვს ეფექტი, როდესაც ადამიანი მიმართავს მკურნალობისთვის და ეფექტიანია მომდევნო ზამთრის სეზონებზეც“.

ანტიდეპრესანტები

სეზონური დეპრესიის მკურნალობა სპეციალისტების მიერ დანიშნული ანტიდეპრესანტებითაც არის შესაძლებელი.

„თუ თქვენ გაქვთ ცდუნება, რომ სცადოთ ისეთი დანამატები, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, B12 ან D ვიტამინი, ნუ დახარჯავთ ფულს“, – ურჩევს დოქტორი როკლეინი და განმარტავს, რომ, თუ არ გაქვთ ნამდვილი დეფიციტი, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ დანამატების მიღება წაადგება სეზონური აფექტური აშლილობის მკურნალობას ან პროფილაქტიკას.

გარეთ გასვლა

„უბრალოდ, გარეთ გასვლა დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში, თუნდაც ცოტათი ნაცრისფერი ჩანდეს, ზამთრის დილის განათების ხარისხი მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე სახლის განათება. დიდი ალბათობით, ქალაქგარეთ გასვლაც წაადგება თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას“, – თქვა ექიმმა იანმა.

დოქტორი როჰანი აღნიშნავს, რომ საყვარელი ზაფხულის აქტივობების მსგავსი ზამთრის აქტივობებით ჩანაცვლებამ შეიძლება, „ცხოვრებაში სიამოვნების განცდა შემოიტანოს“.