ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, ექთნებისთვის მინიმალურ ანაზღაურებად 792 ლარი განისაზღვრა, ექიმებისთვის კი – 1 260 ლარი.
„მივიღეთ მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც ეხება ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალურ ანაზღაურებას. მოგეხსენებათ, ექიმებისა და ექთნების ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებდნენ.
ვფიქრობთ, სამედიცინო სერვისებზე გადახდებით, რასაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვიდან ანაზღაურებს, მიზანშეწონილია, ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასების ყოველთვიური მინიმალური ოდენობა განისაზღვროს.
ხაზს ვუსვამ, ეს არის ხელფასის მინიმალური ოდენობა. რასაკვირველია, ამაზე მაღალი ხელფასის განსაზღვრა შეუძლიათ. ექთნების შემთხვევაში მინიმალური ხელფასია 792 ლარი, ექიმების შემთხვევაში – 1 260 ლარი.
თავიდან, როდესაც ამის შესახებ განვაცხადეთ, იყო სპეკულირება, თითქოს ჩვენ განვსაზღვრეთ ფიქსირებული ხელფასები და ეს ხელფასი ძალიან დაბალია იმ შრომასთან მიმართებით, რასაც ექიმები და ექთნები ეწევიან. რასაკვირველია, დაბალია, მაგრამ ეს არის მინიმუმი და არა – ფიქსირებული ხელფასი“, – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.