ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს სხვადასხვა ქვეყნიდან 40 ორგანიზაცია აწერს. საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას არ მიიღოს, „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი „აგენტების შესახებ“.
„მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია, რომელიც იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ქვეყანაში”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონი აქვთ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა რუსეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი.
ხელმომწერი ორგანიზაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა პრორუსულმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდაა მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტარციის ვალდებულება ექნებათ. ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან პუტინის რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.