ბექაური: მედიის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ყალბი ინფორმაციის გავრცელება

პუბლიკა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს კომისიის წლიურ ანგარიშს აცნობს.

მისი თქმით, მედიის მთავარ გამოწვევად ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკური მიკერძოება რჩება.

კახა ბექაურმა თქვა, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედია პლურალისტური და მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად, მკვეთრად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო.

„2020 წლის მსგავსად, 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მთავარ გამოწვევას სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, მანიპულაცია და პოლიტიკურად მიკერძოებულობა წარმოადგენდა.

მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების ნაწილის მოგვარება 2022 წელს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად შესული ცვლილებებით დაიწყო.

ცვლილებების მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი გადაცემები და რეკლამები დარეგულირდა და ასევე, განისაზღვრა პასუხის გაცემის უფლება, რის მიხედვითაც, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მედიამ არასწორი ფაქტი გაავრცელა, მაუწყებლისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცემა. ცვლილებები 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, რადგან მაუწყებლებს მიეცათ გარდამავალი პერიოდი, მოეყვანათ თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში, “- თქვა მან.

კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ მედიაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით საჭიროა ფართო დისკუსია და პრობლემის აღმოფხვრა.

კანონზე, რომლის შესახებაც კახა ბექაურმა პარლამენტში ისაუბრა, მედიაკოალიციამ შეაფასა როგორც მედიაგარემოს გაუარესების საფრთხის შემცველი ცვლილებები. არასმათვარობო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტთან დაკაშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს და არაერთხელ მოუწოდეს მმართველ პარტიას არ მიეღოთ დაჩქარებულად კანონპროექტი. თუმცა 2022 წლის 22 დეკემბერს პარლამენტმა 81 ხმით მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.