„ზოგი რეგულაცია, შესაძლოა, მედიის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენონ“ - TI მაუწყებლობის კანონში ცვლილებებზე

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“(TI) „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შეფასებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ცვლილებებში წარმოდგენილი ზოგიერთი რეგულაცია ხელისუფლებამ შესაძლოა, მედიისა და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენოს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ევროკავშირის დირექტივის შესრულების მოტივით საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს. როგორც წესი, ამ ინიციატივებს მოსდევს ლეგიტიმური კრიტიკა და კითხვები, მიმართული არა უშუალოდ დირექტივის, არამედ ხელისუფლების და განსაკუთრებით კომუნიკაციების კომისიის მიმართ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არაერთი მცდელობა იყო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საფარქვეშ განეხორციელებინა ცვლილებები, რომელიც კრიტიკული გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა და დამატებით დაბრკოლებებს შეუქმნიდა.

ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანას აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან, მათ შორის 2018 წელს განხორციელებული ცვლილებების (DIRECTIVE (EU) 2018/1808) გათვალისწინებით. წინა ინიციატივისაგან განსხვავებით, არსებულ პაკეტში აღარ გვხვდება თვითრეგულირების ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომისიასა და თუ სასამართლოში გასაჩივრების სადავო წესი. თუმცა რამდენიმე სიახლე კვლავ პრობლემურია და მნიშვნელოვანია, რომ ეს ნორმები კონსულტაციისა და დაინტერესებული პირების პოზიციების შეჯერების გარეშე არ იყოს მიღებული.

– ნორმები დაკავშირებული სიძულვილის ენასა და ტერორიზმისკენ მოწოდების აკრძალვასთან

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის რისკები, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის ენის განმარტებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ხელისუფლების და მარეგულირებლის მხრიდან, რამაც შედეგად შეიძლება კრიტიკული აზრის შეზღუდვა გამოიწვიოს.

– პასუხის უფლება

ცვლილების თანახმად, დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება. კერძოდ, მოსთხოვოს მაუწყებელს გავრცელებული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. დირექტივის თანახმად, პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს, მაშინ, როცა მოქმედი კანონპროექტით, მაუწყებლის უარი შეიძლება სასამართლოსთან ერთად კომისიაში გასაჩივრდეს

ევროკავშირის დირექტივის ბუნება და ინკლუზიური პროცესი

პირველ რიგში უნდა განიმარტოს თავად ევროკავშირის დირექტივის ბუნება და იმპლემენტაციის პირობები. კერძოდ, დირექტივა საკანონმდებლო აქტია, რომლის ადრესატს სახელმწიფოები წარმოადგენენ. დირექტივისთვის მთავარია ქვეყანამ მასში აღნიშნული მიზანი შეასრულოს და რა გზას, ფორმასა და საშუალებას აირჩევს დადგენილი მიზნის მისაღწევად თავად სახელმწიფოს გადასაწყვეტია. შესაბამისად, დირექტივის იმპლემენტირებისას სახელმწიფოები უფრო მოქნილები არიან და მედია სექტორთან თანამშრომლობის და მათი პოზიციების გაზიარების მეტი შესაძლებლობა აქვთ.

საგულისხმოა, ასევე, ქვეყანაში არსებული მძიმე მედია გარემო, რის შესახებაც ღიად საუბრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის კავშირი. სამწუხაროდ, საკმაოდ მაღალია რისკები იმ ფონზე, როცა არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის მარეგულირებელი კომისიის ხელისუფლების მიმართ მიკერძოებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური ეჭვები.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა მედიის და კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად იყოს გამოყენებული. ამ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ არსებობს მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვებზე საუბარს სწორედ მათ მიმართ დასმული ლეგიტიმური კითხვების საპასუხოდ იწყებენ.

სასურველი იქნებოდა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების პროცესში დაინტერსებული პირები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული. იმედს ვიტოვებთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან 19 სექტემბერს გამართულ კომიტეტების სხდომაზე გაცემული დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო შეხვედრა ჩატარდება, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციას მოისმენენ, შესრულდება. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ სამუშაო შეხვედრის დროს დაინტერესებული პირების პოზიციები მაქსიმალურად გაითვალისწინონ და ასახონ კანონპროექტში“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„გამჭვირვალობის“ განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.