დღეს კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს. საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საყურადღებოა, რომ ბევრი მოქალაქე სამწუხაროდ კვლავაც თავს არიდებს საკარანტინო სივრცეში მოთავსებას და მათი დათანხმებისთვის პერსონალს დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს.
„მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს გამოიჩინოს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს ამ მიმართულებით, როგორც თვითიზოლაციაში დარჩენის და რეჟიმის დაცვის კუთხით, ასევე საკარანტინე სივრცეებში მათი განთავსების შემთხვევაში. დღეს ძალიან საყურადღებოა იტალიიდან ჯგუფის მოსალოდნელი გადმოყვანისთვის მომზადება. ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები. როგორც მოგეხსენებათ იტალიაში რისკი მაღალია და ამდენად ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქ იმყოფებოდა და ახლა დაბრუნდება ქვეყანაში რა თქმა უნდა საჭიროებს შესაფერის მეთვალყურეობას, იზოლაციას და თავდაპირველად საკარანტინე სივრცეში განთავსებასაც. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის დეტალი გავიარეთ, რომელიც საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.
“რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.