ავაზაკებო, არარაობებო, გარეწრებო... - „ჯორჯიან ეარვეისის" განცხადება

პუბლიკა

შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან! – ამ სათაურით აქვეყნებს ავიაკომპანია განცხადებას.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი განცხადებიდან.

ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად “გვამკობენ” მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა. მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო…

სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ…

2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვიკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი…

„ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები. სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!…

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ…

მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მით უმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს.

– ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ავიაკომპანია თანამშრომლების სახელით აქვეყნებს.


რუსთაველზე მიმდინარეობს აქცია, სადაც რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აპროტესტებენ.

„რუსული ხომალდი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს” – სკანდირებენ აქციის მოინაწილეები. მათ რამდენიმე წუთის წინ „Georgian airways”-ის ოფისთან გადაინაცვლეს. ვინაიდან კომპანია 20 მაისიდან გეგმავს დაიწყოს ფრენები ოკუპანტ ქვეყანასთან.

ავიაკომპანიის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.