ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად 12-დან 3 რეკომენდაცია შეასრულა | რა გვაქვს კიდევ შესასრულებელი

პუბლიკა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, მათ სტოკჰოლმში ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე წარადგინეს შუალედური ზეპირი მოხსენება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ. ვარჰეის თქმით, ევროკომისიის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შეფასებისას ერთგვარი 5-ბალიანი სისტემა გამოიყენეს.

  1. პროგრესის არარსებობა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ ვერ მიაღწია ამ კუთხით ვერანაირ პროგრესს;
  2. მცირე პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
  3. გარკვეული პროგრესი – გადაიდგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ მიღწეულა და ამოცანა ნახევარზე ნაკლებით შესრულდა.
  4. მნიშვნელოვანი პროგრესი – მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ამოცანის ნახევარზე მეტი შესრულდა;
  5. სრული პროგრესი – ყველა პირობა სრულად შესრულდა.

საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ვარჰეის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანამ სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, 7-ზე გარკვეულ პროგრესს მიაღწია, 1-ზე – მცირეს, 1 კი საერთოდ ვერ შესრულდა.

ვარჰეის მიხედვით, საქართველომ სრულად შეასრულა 3 რეკომენდაცია:

  • გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ;
  • საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;
  • ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა.

გარკვეული პროგრესი აქვს 7 რეკომენდაციაზე:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
  • სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება;
  • სასამართლო სისტემის რეფორმა, გამწვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა;
  • კორუფციასთან ბრძოლა – ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება;
  • ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება.
  • მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებას სჭირდება პარლამენტის ეფექტიანი მუშაობა და ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის დასრულება ამ კუთხით დადებითად შეაფასა.

სახელმწიფო ინსიტუტების კუთხით, ვარჰეის თქმით, მთავრობამ მიიღო ახალი სტრატეგია, გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ საჭიროა პარლამენტის ზედამხედველობის გაძლიერება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმის სწორი მიმართულებით გატარება.

ვარჰეის თქმით, ასევე საჭიროა, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს ანტიკორუფციულმა სააგენტომ და ადამიანის უფლებების კუთხით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

მცირე პროგრესს საქართველომ მიაღწია 1 რეკომენდაციაში:

  • დეოლიგარქიზაცია.

ვარჰეის თქმით, იყო საუბარი იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ამ სახით არ უნდა იყოს მიღებული და ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს სისტემური მიდგომა. ვარჰეის თქმით, მათი შეფასება ემთხვევა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც.

საქართველოს არ აქვს პროგრესი:

  • პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირების კუთხით.

ვარჰეის თქმით, ამ მიმართულებით საქართველომ უნდა მიიღოს კანონი, რომლითაც უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას.