ქართველი სოპრანო იტალიელი კომპოზიტორის, მაურიციო ფაბრიციოს ოპერაში „ედიტი“, ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს პარტიას იმღერებს.
„ამას ვერ წარმოვიდგენდი… ვერც ვიჯერებ, რომ ედიტ პიაფის პარტიას შევასრულებ. ეს დიდი ბედნიერება და პატივია“ – წერს ცნობილი ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია, რომელმაც გენუის საოპერო თეატრ „სან კარლო ფელიჩეს“ საინტერესო შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ოპერა „ედიტი“ თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორისა და ყოფილი მომღერლის, მაურიციო ფაბრიციოს ახალი, ორმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც მან ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს გარდაცვალების 60 წლისთავს მიუღვნა (ედიტ პიაფი 1963 წლის ოქტომბერში, შვეიცარიაში გარდაიცვალა). ოპერის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის შემოდგომაზე, გენუის საოპერო თეატრში გაიმართება.
ქართველ მომღერალს პარტნიორობას გაუწევენ: იტალიელი ტენორი ფრანჩესკო პიო გალასო (რომელიც ცნობილი მოკრივის, მარსელ სერდანის პარტიას იმღერებს), იტალიელი ბარიტონი კლაუდიო სგურა (ჯეკ ლა მოტა), მაკედონიელი ტენორი ბლაგოი ნაკოსკი (კლიფორდ ფიშერი), იტალიელი ბანი ჯოვანი ბატისტა პაროდი (ფრანსკი კორბო), იტალიელი სოპრანო ვალენტინა კოლეტი (მარინ სერდანი). „ედიტის“ ლიბრეტოს ავტორია გვიდო მორა, ხოლო დამდგმელი დირიჟორი – დონატო რენცეტი.
კომპოზიტორი მაურიციო ფაბრიციო 1952 წელს, მილანში დაიბადა. სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. 60-იან წლების ბოლოს უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე „ლა სკალას“ ორკესტრში, ლეგენდარული დირიჟორის, კლაუდიო აბადოს ხელმძღვანელობით. ორკესტრიდან წასვლის შემდეგ, თავის ძმასთან, სალვატორესთან ერთად შექმნა პოპ–დუეტი Maurizio & Fabrizio (“Popi”) და გამოუშვა სინგლი Come il vento 1970 წელს.
1971 წელს დუეტმა მონაწილეობა მიიღო სან–რემოს ცნობილ საესტრადო ფესტივალში. გამოუშვა ოთხი ალბომი 1975-1980 წლებში. მაურიციო ფაბრიციო წერდა სიმღერებს 70-80-იანი წლების ისეთი ცნობილი საესტრადო მომღერლებისთვის, როგორებიცაა რიკარდო ფოლი, ტიციანა რივალე, მიგელ ბოზე, როზანა სალე…
ოპერა „ედიტი“ 71 წლის კომპოზიტორის დებიუტია საოპერო სცენაზე. საინტერესოა, რომ საესტრადო ჟანრში დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ის დაუბრუნდა სიმფონიურ ორკესტრს და მუშაობას საოპერო ჟანრში განაგრძობს. მუსიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლეგენდარული ფრანგი შანსონიე, ედიტ პიაფი საოპერო პერსონად იქცა. ასე რომ, პრემიერისადმი დიდი ინტერესი სრულიად ბუნებრივია.
ვიდრე სალომე ჯიქია შემოდგომაზე, ამ ისტორიული მნიშვნელობის პრემიერაში იმღერებს, ივლისში, მადრიდის საოპერო „თეატრო რეალში“ მას ლიუს პარტიის შესრულება მოუწევს ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტში“. ეს მისი დებიუტია მადრიდის სამეფო თეატრის სცენაზე. პუჩინის უკანასკნელი ოპერა (1924) მადრიდის სამეფო თეატრის სცენაზე თანამედროვეობის ერთ–ერთმა უდიდესმა რეჟისორმა, რობერტ ვილსონმა რამდენიმე წლის წინ დადგა. თუმცა მისი რეჟისურა, ელვარე ფერები, საფირმო და იდუმალი განათება თუ ბრწყინვალე სცენოგრაფია, ყოველთვის მომაჯადოვებელია… და რაც მთავარია, ყოველთვის პერფექცინიზმის დამღით აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ სალომე ჯიქია თავის კარიერაში პირველად იმღერებს პრინც კალაფის ერთგული და ტრაგიკული შეყვარებულის, ლიუს პარტიას, რომელიც მართალია არ არის დიდი, მაგრამ თავისი ლირიკული, დრამატული თუ გულწფელი ინტონაციებით და მელოდიურობით ერთგვარ კონტრასტს ქმნის ცივ, გაყინულ და უკარება ტურანდოტთან. ის ხუთჯერ იმღერებს (3, 6, 9, 16 და 22 ივლისს) „ტეატრო რეალის“ სცენაზე და მისი პარტნიორები ანა პიროცი და ევა პლონკა (ტურანდოტი), იორგე დე ლეონი და მაიკლ ფაბიანო (კალაფი) და ადამ პალკა (ტიმური) იქნებიან. სამეფო თეატრის ორკესტრს კი ნიკოლა პანზერი უდირიჟორებს.