სალომე ჯიქია, როგორც ედიტ პიაფი

დავით ბუხრიკიძე

ქართველი სოპრანო იტალიელი კომპოზიტორის, მაურიციო  ფაბრიციოს ოპერაშიედიტი“, ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს პარტიას იმღერებს.

ამას ვერ წარმოვიდგენდივერც ვიჯერებ, რომ ედიტ პიაფის პარტიას შევასრულებ. ეს დიდი ბედნიერება და  პატივია“ – წერს ცნობილი ქართველი სოპრანო, სალომე ჯიქია, რომელმაც გენუის საოპერო თეატრსან კარლო ფელიჩესსაინტერესო შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო. 

ოპერაედიტითანამედროვე იტალიელი კომპოზიტორისა და ყოფილი მომღერლის, მაურიციო ფაბრიციოს ახალი, ორმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც მან ლეგენდარული ფრანგი შანსონიეს გარდაცვალების 60 წლისთავს მიუღვნა (ედიტ პიაფი 1963 წლის ოქტომბერში, შვეიცარიაში გარდაიცვალა). ოპერის  მსოფლიო პრემიერა 2023 წლის შემოდგომაზე, გენუის საოპერო თეატრში გაიმართება.

ქართველ მომღერალს პარტნიორობას გაუწევენ: იტალიელი ტენორი ფრანჩესკო პიო გალასო (რომელიც ცნობილი მოკრივის, მარსელ სერდანის პარტიას იმღერებს), იტალიელი ბარიტონი კლაუდიო სგურა (ჯეკ ლა მოტა), მაკედონიელი ტენორი ბლაგოი ნაკოსკი (კლიფორდ ფიშერი), იტალიელი ბანი ჯოვანი ბატისტა პაროდი (ფრანსკი კორბო), იტალიელი სოპრანო ვალენტინა კოლეტი (მარინ სერდანი). „ედიტისლიბრეტოს ავტორია გვიდო მორა, ხოლო დამდგმელი დირიჟორიდონატო რენცეტი. 

კომპოზიტორი მაურიციო ფაბრიციო 1952 წელს, მილანში დაიბადა. სწავლობდა მილანის კონსერვატორიაში. 60-იან წლების ბოლოს უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზელა სკალასორკესტრში, ლეგენდარული დირიჟორის, კლაუდიო აბადოს ხელმძღვანელობით. ორკესტრიდან წასვლის შემდეგ, თავის ძმასთან, სალვატორესთან ერთად შექმნა პოპდუეტი Maurizio & Fabrizio (“Popi”) და გამოუშვა სინგლი Come il vento 1970 წელს. 

1971 წელს დუეტმა მონაწილეობა მიიღო სანრემოს ცნობილ საესტრადო ფესტივალში. გამოუშვა ოთხი ალბომი 1975-1980 წლებში. მაურიციო ფაბრიციო წერდა სიმღერებს 70-80-იანი წლების ისეთი ცნობილი საესტრადო მომღერლებისთვის, როგორებიცაა რიკარდო ფოლი, ტიციანა რივალე, მიგელ ბოზე, როზანა სალე 

ოპერაედიტი“ 71 წლის კომპოზიტორის დებიუტია საოპერო სცენაზე. საინტერესოა, რომ საესტრადო ჟანრში დიდი ხნის მუშაობის შემდეგ ის დაუბრუნდა სიმფონიურ ორკესტრს და მუშაობას საოპერო ჟანრში განაგრძობს. მუსიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლეგენდარული ფრანგი შანსონიე, ედიტ პიაფი საოპერო პერსონად იქცა. ასე რომ,  პრემიერისადმი დიდი ინტერესი სრულიად ბუნებრივია. 

ვიდრე სალომე ჯიქია შემოდგომაზე, ამ ისტორიული მნიშვნელობის პრემიერაში იმღერებს, ივლისში, მადრიდის საოპეროთეატრო რეალშიმას ლიუს პარტიის შესრულება მოუწევს ჯაკომო პუჩინისტურანდოტში“. ეს მისი დებიუტია მადრიდის სამეფო თეატრის სცენაზე. პუჩინის უკანასკნელი ოპერა (1924) მადრიდის სამეფო თეატრის სცენაზე თანამედროვეობის ერთერთმა უდიდესმა რეჟისორმა, რობერტ ვილსონმა რამდენიმე წლის წინ დადგა. თუმცა მისი რეჟისურა, ელვარე ფერები, საფირმო და იდუმალი განათება თუ ბრწყინვალე სცენოგრაფია, ყოველთვის მომაჯადოვებელიადა რაც მთავარია, ყოველთვის პერფექცინიზმის დამღით აღბეჭდილი.

აღსანიშნავია, რომ სალომე ჯიქია თავის კარიერაში პირველად იმღერებს პრინც კალაფის ერთგული და ტრაგიკული შეყვარებულის, ლიუს პარტიას, რომელიც მართალია არ არის დიდი, მაგრამ თავისი ლირიკული, დრამატული თუ გულწფელი ინტონაციებით და მელოდიურობით ერთგვარ კონტრასტს ქმნის ცივ, გაყინულ და უკარება ტურანდოტთან. ის ხუთჯერ იმღერებს (3, 6, 9, 16 და 22 ივლისს) „ტეატრო რეალისსცენაზე და მისი პარტნიორები ანა პიროცი და ევა პლონკა (ტურანდოტი), იორგე დე ლეონი და მაიკლ ფაბიანო (კალაფი) და ადამ პალკა (ტიმური) იქნებიან. სამეფო თეატრის ორკესტრს კი ნიკოლა პანზერი უდირიჟორებს.