მედიაომბუდსმენი ნანუკა ქაჯაიას უფლებების დასაცავად პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს

პუბლიკა

მედიაომბუდსმენი „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას უფლებების დასაცავად პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს.

როგორც მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტს „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა აგინა.

შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი არ პასუხობს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას მიმართავს – „წადი შენი დედაც..“.

ჟურნალისტის უფლებების დასაცავად, მედიაომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარს წარადგენს, ინციდენტის შესწავლას და სამართლებრივი რეაგირება მოითხოვს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმრავლესობის წევრები ქალ ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ორგანიზაცია ნატა ქაჯაიას და ნატალი ჯახუტაშვილსაც უწევს სამართლებრივ დახმარებას. არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფორმატში ჟურნალისტების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები ამ დრომდე არ განუხილავს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მოგვიანებით, ლევან მგალობლიშვილმა „პირველებს“ უთხრა, რომ მას ჟურნალისტისთვის არ შეუგინებია და მისი ნათქვამი აქციის მონაწილეს მიემართებოდა.

„ვინ არის ნანუკა ქაჯაია. კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა, ვის როგორ ვუპასუხებ. ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. ნანუკა ქაჯაიასთვის მე არ შემიგინებია, როგორ გეკადრებთ”. – ამბობს მგალობლიშვილი.