„მთის ამბები“ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით პასუხობს

პუბლიკა

გამოცემა „მთის ამბები“ განცხადებით პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე გამოთქმულ ბრალდებებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ არ აპირებენ, ხელისუფლებას შეჰყვნენ პოლიტიკურ დებატებში, ვინაიდან მათი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მედია მოაცდინონ და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაატანინონ.

„მთის ამბები“ ამავე განცხადებაში ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნასაც აყენებს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ონლაინგამოცემა „მთის ამბებს“. მას არ მოსწონს, რომ ჩვენი გამოცემა შოვში მომხდარ ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. ეს არ მოსწონთ მთავრობის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს.

ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით კრიზისული ვითარების დროს. ახლაც მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანია მოგვაცდინონ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაგვატანინონ, საზოგადოებაში კი დაბნეულობა შეიტანონ. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას შევყვეთ პოლიტიკურ დებატებში.

მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, შეზღუდული აქვს სახელმწიფო უწყებებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სტიქიური უბედურების მიზეზების კვლევას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენას და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას.

ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ „მთის ამბების“ წინააღმდეგ აწარმოებს აგრესიულ კამპანიას. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „მთის ამბების“ ჟურნალისტების უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც, მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ყალბი ინფორმაციები გააბათილა.

განცხადება შეეხებოდა შოვში მომხდარ ტრაგედიას და ამ ტრაგედიის მედიაში გაშუქებას.

პაპუაშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა გამოცემა „მთის ამბები“ და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“.