ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ შვილის აშშ-ში ჩარტერული რეისით გამგზავრებაში ბიუჯეტიდან „არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს” და რომ ეს თანხა მისმა ოჯახმა გადაიხადა.
პრემიერმინისტრის მტკიცებით, მან „ოჯახს თანხა მიზანმიმართულად გადაახდევინა,”, რათა ქართული ოცნებისა და ენმ-ის ხელისუფლებებს შორის განსხვავება ეჩვენებინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარტერული რეისის შესახებ დღეს, 28 სექტემბერს პირველად ილაპარაკა.
„მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს [ჩარტერის საფასური], რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელწერასა და მეორე უკიდურესობას შორის, რაც 10 წლის წინ იყო გამეფებული”. – თქვა მან.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, რომელმაც, მმართველი გუნდის ბოლო ვერსიით, ჩარტერის თანხა გადაიხადა, პენსიონერია, პრემიერმა განაცხადა:
„მე, მადლობა ღმერთს, მყავს შეძლებული ოჯახი. არასდროს ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს”.
სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავება ღარიბაშვილს 34 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა.
2023 წლის 6 სექტემბერს „ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი შვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით წაიყვანა – ნიკოლოზ ღარიბაშვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
იმავე დღეს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრი აშშ-ში კერძო ვიზიტით გაფრინდა და მისი მგზავრობის, ასევე, ჩარტერული (კომერციული) რეისის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
9 სექტემბერს „საქართველოს ავიახაზების” ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა „ტვ პირველთან” თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა – მან უფროსი შვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად მიუნხენში ჩაიყვანა, აშშ-ში კი იქიდან სამგზავრო თვითმფრინავით გაფრინდა.
12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების ხარჯი მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გაიღო.
იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიამ სახელმწიფოსგან 150 000 ლარი მიიღო. ამგვარი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მართლაც იძებნება შესყიდვების სააგენტოს საიტზე. თუმცა, ღვინის სააგენტომ განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება გაუქმდა.