„ჯაფარიძე-ქევანიშვილის“ კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვავლინეთ - სააგენტო

პუბლიკა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“  უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კერძოდ, კლინიკამ, 4 პაციენტს, გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას.

დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის, აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია  უფლება განახორციელოს ქირურგიული მომსახურება, “- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.