ღარიბაშვილი: ბატონ პრემიერმინისტრს ვუთხარი, რომ ერეკლე II გამორჩეული იყო ნიჭით

პუბლიკა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს ერეკლე მეორის შესახებ მოუყვა.

„დღეს შევიკრიბეთ ისტორიულ ადგილას. ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული ნიჭით. მიჩნეული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფოდა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ.

არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე, ჩვენი მეფე ევროპელ მონარქებს მიმართავდა თხოვნით, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სამხედრო დახმარება. მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება ევროპასთან. სამწუხაროდ, მაშინ ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და ფაქტიურად, უყურადღებოდ იყო დარჩენილი საქართველო. მაგრამ დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გვაქვს ნამდვილი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, ისეთების, როგორიცაა ბატონი ვიქტორ ორბანი”.  – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიქტორ ორბანი საქართველოში 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილს პირადად 11 ოქტომბერს შეხვდა. დღეს კი მან და პრემიერინისტრმა კახეთში, თელავში, ერეკლე II-ის სასახლეში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება სწორედ იქ გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა, ისე ვიქტორ ორბანმა განაცხადეს, რომ ევროკომისიამ მიიღო არასწორი, „უსამართლო და ამორალური” გადაწყვეტილება, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ვიტორ ორბანი უნგრეთს 1998 წლიდან მართავს. ის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკოსია. ვიქტორ ორბანის გამო ბუდაპეშტიდან გავიდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – პრემიერმინისტრი დაწესებულებას იმიტომ ეწონააღმდეგებოდა, რომ ის ჯორჯ სოროსის დაფუძნებულია.

2022 წლის ნოემბერში ორბანი მხარს არ უჭერდა, ევროკავშირს უკრაინისთვის დახმარება გამოეყო. თუმცა, მოგვიანებით მას პოზიციის შეცვლა მოუწია.

მანამდე, 2022 წლის 3 აპრილს ვიქტორ ორბანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და მეოთხედვე გაინაღდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.