ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან დაიწყება.
მათივე ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ-ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
-
დიაბეტის მქონე პირები;
-
დიალიზზე მყოფი პირები;
-
C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
-
აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
-
ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
-
აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
-
ორსულები;
-
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
-
ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
16 ოქტომბრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.