UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა მწვრთნელს, რომელსაც 9 გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ქალთა საფეხბურთო კლუბი “მართვეს” ყოფილ მწვრთნელს, პაატა დოგრაშვილს, რომელიც 9 ფეხბურთელმა გოგომ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, UEFA-მ ლიცენზია შეუჩერა.

გოგოების ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავს.

„ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელი ქალების მიერ დაწყებული სამართლებრივი ბრძოლის საფუძველზე მიიღო, რომელთაც სასამართლოში PHR-ის ადვოკატები წარმოადგენდნენ”. – აცხადებს ორგანიზაცია.

მანამდე, მიმდინარე წლის ივლისში, პაატა დოგრაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორალური კომპენსაციის სახით 36 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში”. – განაცხადეს ორგანიზაციაში.

PHR ამბობს, რომ იმავეს ელის ფედერაციისგან სიახლეს ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკეს” მწვრთნელის, გივი კვარაცხელიას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

„მის მიერ ჩადენილი სექსუალური შევიწროება სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა – ფეხბურთელი ქალების ბრძოლისა და #PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად”. – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.