ტრენინგების საქმეზე სუსში პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი დაიბარეს 

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრენინგების საქმეზე პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი დაიბარა.

თიკო ერთ-ერთია, ვინც წინააღმდეგობის არაძალადობრივი გზების შესახებ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგს დაესწრო.

„აბსურდული და სასაცილოა. ამ პროცესს სხვანაირად ვერ შევაფასებ”. – უთხრა „პუბლიკას” თიკო ნადირაშვილმა.

ის ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. მის ინტერესებს GDI და ედუარდ მარიკაშვილი დაიცავენ.

სუსი ირწმუნება, რომ ტრენინგის მონაწილეებს „ქვეყნის ჩამოშლა” ასწავლეს.

მანამდე სუსმა გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, ფოტოგრაფი ვახო ქარელი, არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი, ნატალია ვასაძე, დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი და რეჟისორი გიორგი სავანელი.

ისინი გამოკითხვის დეტალებზე ვერ ლაპარაკობენ, ვინაიდან უწევთ, ხელი მოაწერონ გაუთქმელობის პირობას.