„ევროოპტიმისტების" კანონპროექტით, სკოლების სამეურვეო საბჭოს როლი უნდა გაფართოვდეს

პუბლიკა

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებს წარუდგენს, სკოლის დირექტორის არჩევის შესახებ – კანონპროექტის თანახმად, სკოლის დირექტორის არჩევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი უნდა გაფართოვდეს.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ სამეურვეო საბჭო განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილ არც ერთ კანდიდატს არ აირჩევს, სამინისტრო ახალ კონკურსს გამართავს. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო დირექტორს ხელახალი კონკურსის შემთხვევაშიც ვერ აირჩევს, განათლების სამინისტრო იძულებული იქნება, ახალი დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნოს.

კანონპროექტით, სამინისტროს არ ექნება უფლება, განმეორებით წარადგინოს კანდიდატი, რომელიც საბჭომ პირველ ჯერზე არ აირჩია.

გარდა ამისა, „ევროოპტიმისტებს“ საჭიროდ მიიჩნევენ, ცვლილებები შევიდეს საარჩევნო კოდექსშიც და სკოლის დირექტორებს, მათ მოადგილეებსა და მასწავლებლებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობა შეეზღუდოთ.