საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს, რომ უკრაინას EU-ს წევრობასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია აქვს. Reuters-ს ინფორმაცია წყაროებმა მიაწოდეს.
ევროკავშირში გაწევრების შესახებ დადებით პასუხს შეიძლება ახლდეს გარკვეული პირობები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და უმცირესობების უფლებებს შეეხება. ეს საკითხი უნგრეთმა წამოჭრა.
ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.
მოსალოდნელია, რომ ანალოგიურად დადებით შეფასებას მიიღებს მოლდოვა.
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ იღებს.
რაც შეეხება საქართველოს – ევროკომისიას ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება, მიანიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან დაკავშირებით კი მისი „ევროპული პერსპექტივა” აღიარა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.
საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების 15 სექტემბრის შეფასებით: ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).