რატომ უჩივის რუსთავის მერია საკრებულოს ოპოზიციას სასამართლოში

პუბლიკა

რუსთავის მერია ქალაქის საკრებულოს ოპოზიციას სასამართლოში უჩივის.

დღეს, 30 ოქტომბერს მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ ენმ და პარტია „საქართველოსთვის” „მავნებლური უმოქმედობის რეჟიმში არიან და ამით ქალაქს ზიანს აყენებენ. ამიტომ, იძულებულები გახდნენ, სასამართლოსთვის მიემართათ, რათა  რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება”.

როგორც ნინო ლაცაბიძემ თქვა, მერიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 27 ოქტომბერს მიმართა.

„რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან საკრებულოს სხდომაზე არ გადააქვს, არ განიხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს რუსთავის მერიიდან განსახილველად გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს”, – განაცხადა მან.

თუმცა, რუსთავის მერს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას და როგორ მოითხოვს სასამართლოსგან.

მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ მუზაშვილმა სარჩელის შესახებ დეტალები დააზუსტა.

მისი განცხადებით, დავის საგანია რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; საკრებულოში მერიის მიერ წარდგენილი პროექტების უკან დაბრუნების ნაწილში რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის არაუფლებამოსილ პირად აღიარება და მოქმედების დავალება.

მუზაშვილის თქმით, რუსთავის საკრებულო უმოქმედობით „სისტემატურად არღვევს თვითმმართველობის კოდექსსა და საკრებულოს რეგლამენტს”.

„შესაბამისად, ვინაიდან რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ასრულებს თავის პირდაპირ და უშუალო ვალდებულებას, რითაც ხელი ეშლება მუნიციპალიტეტის საქმიანობას და ქალაქის განვითარებას, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია იძულებული გახდა, სასამართლოსათვის მიემართა”, – განაცხადა მიხეილ მუზაშვილმა.

რუსთავის მერიას საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ და პირველმა მოადგილემ, ალეკო ბერიძემ უპასუხეს. მათი განცხადებით, საკრებულოს კანონი არ დაურღვევია.

„მერი ვერ დაასახელებს ვერცერთ საკითხს, სადაც საკრებულომ ხელი შეუშალა, რომელიმე პროგრამას ან ბიუჯეტში ცვლილებას. პრობლემა ხდება მხოლოდ დეველოპერები და k2 კოეფიციენტები”, – განაცხადა მან.

ნოდარ შეროზიას თქმით, რუსთავის საკრებულოს კომისიებმა, რომელთა მიმართაც მერიას პრეტენზიები აქვს, სწორედ სამშენებლო კოეფიციენტებს და ზონებს ეხება.

„რამდენიმე საკითხი იყო, რომელიც კომისიებმა უკან დააბრუნეს, სადაც გარკვეული შენიშვნები იყო ზონალობის ცვლილებებთან და K2 კოეფიციენთან დაკავშირებით. მათ მიეცათ დრო და საშუალება, შესწორებები შეეტანათ. კომისიებს, ჯერჯერობით, აქვთ დრო საკრებულოში შესული ყველა საკითხის განხილვისთვის. ის საკითხები, რომლებიც კომისიებმა არ განიხილეს, იყო ხარვეზიანი, კომისიამ დააბრუნა და გასწორება სთხოვა. მე ვფიქრობ, კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურას, თვე არ გავა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არ მიჩივლონ”, – განაცხადა ნოდარ შეროზიამ.