„არ გავჩუმდებით და არ გავჩერდებით“ - ქალი დეპუტატები

პუბლიკა

„ირაკლი ბერაიამ სუსის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ჰქვია“, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ წევრებმა, ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამის შემდეგ პარლამენტში ქალმა დეპუტატებმა: თეონა აქუბარდიამ, თინა ბოკუჩავამ, ანა ნაცვლიშვილმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ირაკლი ბერაიამ სუსის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ჰქვია, სწორედ ამიტომ არის მათი პატარა კაცობა, ის, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში.

… არ გავჩუმდები და გავჩერდები, როცა საუბარია ოკუპაციაზე, როცა პუტინთან სადილს ესწრება თქვენი მთავრობის წევრი და ღირსება არ უშლის ხელს, რომ გამოვიდეს იქიდან პუტინის მოსმენის ნაცვლად, ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.

თინა ბოკუჩავას შეფასებით, „ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალების წინააღმდეგ არის ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობენ“.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ჩვენს გაჩუმებას. თუმცა, ვპირდებით, უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას. აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ეს გაგრძელდება და მივა „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებზეც. ამიტომ სჯობს, გენდერული საბჭო, რომლის ხელმძღვანელია ნინო წილოსანი, იყოს აქტიური და კაცებს კი არ იცავდეს, ქალების უფლებები დაიცვას“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით კი ირაკლი ბერაიას განცხადებას ტრიბუნასთან უნდა გმობდნენ „ოცნების“ კაცი ლიდერები.


ქალი დეპუტატების შეურაცხყოფა დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, „მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ“, წინააღდმეგ შემთხვევაში „პარლამენტს სახეს დააკარგვინებს“.

„როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია“, – ასე გამოეხმაურა მომხდარს სახალხო დამცველი.

პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმდჯომარე კი ამბობს, რომ მას არასდროს მოეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა, მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა.