როგორი სამშენებლო ტენდენციებია თბილისის ისტორიულ ნაწილში? რა ურბანული გამოწვევები და პოტენციური საფრთხეებია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და როგორი იქნება თბილისი 3-4 წელიწადში? – „ურბანული კვლევების ცენტრმა“ (URC) დღეს ახალი კვლევის მიგნებები წარადგინა.
კვლევას თან ერთვის ფოტოები, რომელზეც მოცემულია პოტენციური განაშენიანება, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იგეგმება – პროექტების ნაწილი უკვე დამტკიცებულია, ნაწილი კი შეთანხმების პროცესშია.
ურბანული კვლევების ცენტრმა შეისწავლა თამარ მეფის ხიდიდან რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში მოქცეული 16 პრობლემური პროექტი.
პროექტებს შორისაა: მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, მრავალფუნქციური კომპლექსი საქანელას ქუჩის არეალში, 2 მრავალფუნქციური კომპლექსი ყოფილ რესტორან არაგვის არეალში და ქიაჩელის ქუჩასა და მის ძირში, სანაპიროს გასწვრივ მოაზრებული პროექტები.
ჩატარებული კვლევა აანალიზებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განაშენიანების ტენდენციებს, კრიტიკულად აფასებს მათ ზეგავლენას ურბანული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობისა და სატრანსპორტო პოლიტიკის პერსპექტივებიდან.
დაგეგმილი პროექტები და კულტურული მემკვიდრეობა | კვლევის ძირითადი მიგნებები
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით დამცავი ზონის დადგენის მიზნებია, შეინარჩუნოს და არასასურველი ზემოქმედებისაგან დაიცვას მის საზღვრებში არსებული: კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, კულტურული ღირებულების მქონე ურბანული ქსოვილი და ცალკეული შენობა-ნაგებობები, ისტორიული განაშენიანება, ქუჩათა ქსელი, გეგმარებითი სტრუქტურა, ისტორიული ლანდშაფტი, ისტორიული, ესთეტიკური და ეკოლოგიური გარემო, ისტორიულად ჩამოყალიბებული ხედები და პანორამები, სივრცითი დომინანტები, არქიტექტურულ-სივრცობრივი ორგანიზაცია და ა.შ.
კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ ჩამოთვლილი ფასეულობებიდან, რომელთა დაცვასაც არსებული კანონი ისახავს მიზნად, შესწავლილი პროექტების დიდი ნაწილი უმეტეს შემთხვევაში ერთ ან ორ მათგანს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ ყველას.
კვლევის მიხედვით, განხილული პროექტების დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
„მაგალითად, საქანელას ქუჩის არეალში დაგეგმილი პროექტი სრულიად შლის აღნიშნული ქუჩის კვალს, სისტემური ხასიათი აქვს ქიაჩელის ქუჩასა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ისტორიულად გაუნაშენიანებელი, მწვანე არეალის ათვისებასაც.
ფაქტობრივად, კანონი დამცავ ზონებში არ უშვებს მიწის ნაკვეთების გაერთიანებას, ვინაიდან ახალ მშენებლობას გამონაკლის შემთხვევაში, როგორც „შემავსებელ“ ქმედებას ისე განსაზღვრავს. მიწის ნაკვეთების გაერთიანება გავრცელებული ის მავნე პრაქტიკაა, რომელსაც პროექტების უმრავლესობაში ვხვდებით”, – ვკითხულობთ კვლევის ერთ-ერთ მიგნებაში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ განხილული პროექტების დიდი ნაწილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა გავლენა თბილისის ისეთ ორიენტირებზე, როგორებიც არის „ლურჯი მონასტერი“, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ცირკის შენობა.
კვლევის ავტორებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ შესწავლილ პროექტებს შორის ხშირია ლანდშაფტში უხეში ჩარევისა და მწვანე სივრცითი პაუზების ამოვსების შემთხვევები.
„ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია სანაპიროზე, ყოფილი რესტორან „არაგვის“ არეალში მოაზრებული განაშენიანება. რელიეფისა და არქიტექტურის განსაკუთრებული კავშირი ეს ის შრეა, რომელიც დიდ წილად ქმნის ისტორიული ქალაქის ურბანულ და არქიტექტურულ კონსტანტურ მახასიათებლებს. ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ჩარევით, გამწვანებული სივრცეების ამოვსებით ან/და ახლებური დაგეგმარებით ზიანი ადგება და საფრთხის ქვეშ დგება ქალაქის ეს უნიკალური არქიტექტურულ-სივრცობრივი ორგანიზაცია”, – აღნიშნულია კვლევაში.
განაშენიანება:
- თბილისის განაშენიანების ხასიათის, მისი გრადაციულობის იგნორირება, ქვედა ტერასაზე, განაშენიანების პირველ ზოლში მაღალსართულიანი ობიექტების აშენება, სრულად არღვევს თბილისი ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ სტრუქტურას. ირღვევა მდინარის ორ ნაწილზე გაშენებული ქალაქის მთლიანობა, რადიკალურად იცვლება ხედები სანაპიროდან.
- საკვლევ არეალში შეთანხმებული და მოაზრებული პროექტების დიდი ნაწილი წინააღმდეგობაშია დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ურბანული განვითარების ძირითად პრინციპებთან და მიმართულებებთან.
- საკვლევ არეალში შეთანხმებული და მოაზრებული პროექტებით უსისტემოდ და რადიკალურად იზრდება განაშენიანების სიმჭიდროვე, რაც საფრთხის შემცველია ურბანული მემკვიდრეობის დაცვისა და სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხით.
ტრანსპორტი:
-
ფაქტობრივი მდგომარეობით, საკვლევი არეალის მიმდებარედ, სატრანსპორტო სისტემა გადატვირთულია, არც არსებული და არც დაგეგმილი სატრანსპორტო სისტემა პასუხობს მოსალოდნელი განაშენიანების მომსახურების ხარისხობრივ და რაოდენობრივ საჭიროებებს.
-
მიუხედავად ამისა, ქალაქი უშვებს მანქანაზე დამოკიდებული გაუნაშენიანებელი ტერიტორიის მასშტაბურ განაშენიანებას მაღალი ინტენსივობით და არსებული განაშენიანების მუდმივ ქაოსურ გამჭიდროებას სრულფასოვანი და კუმულატიური ზეგავლენის შეფასების და დასაბუთებული და დაგეგმილი მაკომპენსირებელი ღონისძიებების გარეშე.
კვლევა მომზადებულია პროექტის „ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები“ ფარგლებში, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. კვლევის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თბილისის ისტორიულ ნაწილში მიმდინარე სამშენებლო ტენდენციების მასშტაბისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.