2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი კვლავ „იმედს“ აქვს - კომისია

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლის ანგარიში წარადგინა.

კომკომის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წლის იმავე პერიოდს, 23.3%-ით, კერძოდ კი, 3.5 მილიონი ლარით აღემატება.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 74% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.5%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1%-ით შემცირდა.

სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი კვლავ ტელეკომპანია „იმედს“ ჰქონდა.

არხის შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.3 მილიონი შეადგინა.

1.1 მილიონით გაიზარდა მედიაჰოლდინგ „რუსთავი 2-ის“ შემოსავალი და 2.6 მილიონი შეადგინა.

გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 200 000-ით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი. წელს არხმა 1.9 მილიონი მიიღო.

500 000-ით გაიზარდა POSTV-ის შემოსავალი. წლის მესამე კვარტალში არხმა 1.9 მილიონი ლარი მიიღო.

ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი კი 400 000-ით გაიზარდა და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა.

100 000 ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”, რომლის შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.

200 000-ით გაიზარდა GDS TV-ს შემოსავალიც, რომელიც 700 000-ს უდრიდა.

100 000-ით ნაკლები მიიღო BMG-მ და მისი შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში 0.7 მილიონს გაუტოლდა.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 100 000-ით მეტი, 500 000 მიიღო.

ასევე გაიზარდა „პალიტრანიუსის“ შემოსავალი და 100 000 შეადგინა.

სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

კომკომის ინფორმაციით, III კვარტალში, „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, რომელთა გადახდილი თანხაც 100-დან 500 ათას ლარამდე მერყეობს, შემდეგნაირია: „დიპლომატ ჯორჯია”; „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”; „სლობოდა”; „პსპ ფარმა”; „აიდიეს ბორჯომი თბილისი”; „წყალი მარგებელი”; „შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს”; „ქართული სადისტრიბუციო – მარკეტინგული კომპანია”; „კოლგეიტ პალმოლივი” და „არქი პრომოუშენი”.

„რუსთავი 2”-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთი კომპანიების ათეული, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 50-დან 500 ათასი ლარის ფარგლებში უხდიდნენ, „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „სლობოდა”, „გალფი”, „ვისოლი”, „კოლგეიტ პალმოლივი”, „აიდიეს ბორჯომი თბილისი”, „შპს იმპელ დეველოპმენტი”, „ავერსი-ფარმა” და „დიპლომატ ჯორჯია” წარმოადგენენ.

„მთავარ არხს” რეკლამისთვის 7-დან 500 ათასამდე ლარის ფარგლებში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, „პსპ ფარმამ”; „ვისოლმა”, „დიპლომატ ჯორჯიამ”, „წყალი მარგებელმა”, „ავერსი ფარმამ”, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა”, „სელფი მობაილიმა”, „ვიმ ბილ დან საქართველომ” და „მაკდონალდსმა” გადაუხადეს.

ტელეკომპანია „ფორმულას” კი, რეკლამაში 7-დან 500 ათასამდე ლარს შემდეგი კომპანიები უხდიდნენ: „კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯია”, „პსპ ფარმა”, „თიბისი ბანკი”, „შპს სი კორპორეიშენ22”, „თეგეტა მოტორსი”, „ავერსი-ფარმა”, „ჩინური მედიცინის ცენტრი”, „კ. ერისთავიის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი”, „საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს თბილისის ფილიალი” და „დიპლომატ ჯორჯია”.

„პოსტვ”-ის შემთხვევაში, ტოპ 10 რეკლამის დამკვეთი, რომელთა გადახდილი თანხაც 7-დან 500 ათასამდე მერყეობდა, „კავეა”, „კავკასუს ავტო სერვისი”, „ტიფლის ფაბი”, „სტერეო+”, „რესპუბლიკა”, „რძისამე”, „ფალავანი”, „ვისოლი”, ასევე, „გალფი” და „დიპლომატ ჯორჯია” იყვნენ.

ხოლო „ტელეკომპანია პირველს” რეკლამაში 7-დან 500 ათას ლარამდე „პსპ ფარმა”, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, „გალფი”, „კავეა”, „ჯინო პარკი”, „წყალი მარგებელი”, „ვენდისი”, „დანკინ დონათსი”, „დიპლომატ ჯორჯია” და „ვისოლი” უხდიდნენ.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირმა რეკლამამ, 9%-ზე მეტი კი სპონსორობამ დაიკავეს.

კომკომის ცნობით,  კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.