ივანე ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები გაზრდილია, ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი

პუბლიკა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში გრიპის ვირუსის სტატისტიკა იზრდება.

მისი განცხადებით, ძირითადად, ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, შემთხვევების უმეტესი ნაწილი კი არის H1, ანუ ე.წ ღორის გრიპის მსგავსი და H3, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და ხშირ შემთხვევაში ფილტვების ანთება ახასიათებს. H3 ვირუსი ნაკლებად გავრცელებულია.

ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, მოერიდონ თვითმკურნალობას და მაღალი სიცხისა და მწვავე სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ ექიმს.

რეკომენდაციაა, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და ვატაროთ პირბადე.

„ტემპერატურა 38 ცელსიუსით და უფრო მეტი, თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე – ბავშვებში ამას ემატება საკვებზე უარის თქმა, მომატებული ძილიანობა ან ჭირვეულობა – ეს ყველაფერი სწორედ გრიპის ვირუსზე მიუთითებს.

თუ დაემატა ფილტვების ანთება, ამას შეიძლება მოყვეს ხველის გაძლიერება, გახშირებული ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობა, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია მცირე ასაკის ბავშვებში. ესეთი ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს საავადმყოფოში, ვინაიდან მისი მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია”. – თქვა ივანე ჩხაიძემ.

A ტიპის ვირუსის მოცირკულირე შტამები, H1 და H3 გრიპის ვაქცინის კომპონენტები იყო. ამიტომ ის, ვინც აიცრა, გრიპისგან მეტად დაცულია.