რუსეთმა კიდევ ერთხელ დაბომბა უკრაინა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყანა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების თავდასხმის საფრთხის ქვეშ ისევ არის.
„მტერი სასტიკად ესხმის თავს მშვიდობიან ქალაქებს”. – განაცხადა სამხრეთ-უკრაინული ქალაქის, კრივივი რიჰის მერმა, ოლექსანდრ ვიკულმა.
ზაპოროჟიას საკრებულოს თავმჯდომარემ, ალატოლი კურტიევმა თქვა, რომ სარაკეტო თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები. ამ ქალაქში, სულ მცირე, 5 აფეთქება მოხდა.
სარაკეტო თავდასხმის სამიზნე იყო ხარკივიც – უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი. დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამრეწველო ობიექტებს.
რუსეთმა დაბომბა სხვა ქალაქებიც, მათ შორის, დნიპროპეტროვსკი და ხმელინცკი. ხერსონში აგრესორმა 16 რაკეტა ისროლა. შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი.
ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთი უკრაინაზე მასობრივ სარაკეტო თავდასხმებს მიმართავს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები ჩრდილო კორეიდან მიიღო – მისი განცხადებით, ფხენიანმა მოსკოვს გადასცა გამშვები დანადგარები და ათეულობით რაკეტა. რაკეტებს მოქმედება 900 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. თუმცა, რუკის მიხედვით, ერთ-ერთმა ასეთმა რაკეტამ 400 კილომეტრი დაფარა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. მას შემდეგ სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება.