„ჰუსიტებმა" იემენის სანაპიროსთან აშშ-ის კუთვნილ კომერციულ გემს დაარტყეს

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, „ჰუსიტებმა” იემენის სანაპიროსთან აშშ-ის კუთვნილ და მართულ კომერციულ გემ Gibraltar Eagle-ს დაარტყეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დაჯგუფებამ თავდასხმისას გემსაწინააღმდეგო რაკეტა გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემს ჭურვი მაშინ მოხვდა, როცა ადენის ყურედან 100 მილის დაშორებით ცურავდა. შედეგად, გემმა შეზღუდული ზიანი მიიღო, თუმცა არც ერთი მეზღვაური არ დაშავებულა. გადამზიდმა კომპანიამ განაცხადა, რომ გემს ფოლადის ნაწარმი გადაჰქონდა.


იემენელი „ჰუსიტები” უკვე რამდენიმე თვეა, ისრაელ-პალესტინის ომის შემდეგ, წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს რაკეტებითა და დრონებით უტევენ, მათი თქმით, ღაზაში ისრაელის ომის საპასუხოდ.

„ჰუსიტები“ „წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილად აცხადებენ თავს, ირანის ხელმძღვანელობით, – ჰამასსა და ჰეზბოლას დაჯგუფებებთან ერთად – ისრაელის, აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ.

გასულ კვირას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის არმიამ დარტყმები მიაყენა „ჰუსიტების“ სამიზნეებს იემენში, გემებზე თავდასხმების საპასუხოდ. გაერთიანებულმა ძალებმა, მოკავშირეებთან კოორდინაციით, განახორციელეს ათობით საჰაერო და საზღვაო დარტყმა რაკეტების გაშვების ობიექტებზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იემენის შიგნით.

12 იანვარს 10-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება იყო, რომლებსაც ისინი „იყენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად“.