არ ყოფილა შემთხვევა, როცა ტესტის საჭიროება იყო და არ ჩატარებულა - გამყრელიძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის ტესტირების საკითხზე იმსჯელეს, თუ ვის და როგორ უნდა ჩაუტარდეს აღნიშნული ტესტირება.

გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში 1126 ნიმუშია გამოკვლეული. თავიდან მათი კვლევა მხოლოდ ლუგარის ლაბორტორიაში მიმდინარეობდა, ორი კვირაა, ლაბორატორიები რეგიონებშიც განაწილდა და ბოლო მონაცემებით, ტესტირებას აწარმოებს ქუთაისისა და ბათუმის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეპარტამენტებიც.

„შევთანხმდით, ექსპერტებთან ერთად, რომ მოხდეს უფრო მეტი განვრცობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ ტესტირების საშუალება – იქნება ეს სწრაფი თუ ოქროს სტანდარტი ტესტირების, ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი იყოს კლინიკებისთვის”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ“ ცენტრს ტესტების მარაგი აქვს, რომლითაც რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევა მიმდინარეობს.

„არც ერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ, სადაც საჭიროა და როდესაც ტესტირებისთვის მოთხოვნა ჯდება დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტში. გასაგებია ჩემთვის, რომ მოსახლეობისგან მოთხოვნა მეტია უფრო და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანას ჰქონდეს სწრაფი ტესტები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის” ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ იმპორტირებული ტესტები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სამედიცინო ქსელში, რადგან ტესტის გაკეთება რეცეპტს ექვემდებარება.