მომდევნო 3-4 დღეში კიდევ გვეყოლება გამოჯანმრთელებულები – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში კიდევ გეყოლება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები. ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა პაციენტი, თუკი 24 საათის განმავლობაში ტესტი 2-ჯერ აჩვენებს, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდება.

მისი თქმით, 30 იანვრიდან დღემდე 1073 შესაძლო შემთხვევაზეა ტესტი ჩატარებული, მათგან 43 კი ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული ინფექციაა.

მისივე თქმით, შემთხვევათა უმეტესობა არის იმპორტირებული.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საკარანტინო ზონებში იმყოფება 1575 ადამიანი; თვითიზოლაციიდან გამოვიდა 191 ადამიანი, რჩება – 1781.

„მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა 40 და დღეს დილით დაემატა 3 შემთხვევა, კვლევაშია კიდევ რამდენიმე ნიმუში და დღეს, ალბათ, კიდევ გაიტესტება, დაახლოებით, 100-მდე ნიმუში. სულ, ქვეყანაში 30 იანვრიდან დღემდე გამოკვლეულია 1073 შესაძლო შემთხვევა და აქედან 43-ში დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ზონებში არის 1575 ადამიანი და, ასევე, იქიდან და თვითიზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191 ადამიანი. თვითიზოლაციაში ჯერ კიდევ იმყოფება 1781 ადამიანი,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.