„ფორმულა": გვიწევს ფორმატის შეცვლა და გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ ახალ ფორმატზე გადადის – თებერვლისა და მარტის განმავლობაში ტელეარხი ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.

ტელეკომპანიისვე განცხადებით, ამ გადაწყვეტილების პარალელურად უწევთ რეორგანიზაცია – იხურება გასართობი გადაცემები, ასევე, ათავისუფლებენ თანამშრომლებს.

„რაც შეეხება ახალ ფორმატზე გადასვლის მიზეზებს, თემა უკავშირდება ფინანსურ საკითხებსაც: ტელეკომპანია „ფორმულამ“ სტაბილური რეიტინგული ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება. პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირებისა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ღირებულებებისთვის ბრძოლაში შედეგის მისაღწევად ტელეკომპანია „ფორმულა“ გადაწყვეტილებას იღებს არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე, რაც, ვფიქრობთ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის”, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.