8 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ზედოზირების პრევენციისთვის | სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ძალისხმევის გაძლიერება ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის.

ორგანიზაცია ეხმაურება შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას, სავარაუდოდ, ზედოზირებით გარდაცვალების ბოლოდროინდელი შემთხვევებზე, რომ ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტები იშვიათი არაა და რომ ყოველწლიურად, ეს რიცხვი 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზიანის შემცირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებებით ვერ გაუმკლავდებიან და შესაბამისი უწყებების კომპლექსურ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. საერთაშორისო დონეზე, ზედოზირების პრევენციის რამდენიმე ქმედითი მექანიზმი არსებობს და უწყებების ძალისხმევაც სწორედ ამ მიმართულებით არის გასაძლიერებელი. გთავაზობთ განცხადებას:

1. ადრეული  გაფრთხილების/შეტყობინების სისტემის  (EWS) შექმნა

ადრეული შეტყობინების სისტემა არალეგალური ნარკოტიკების ბაზრის მონიტორინგისა და  სახიფათო ნივთიერებების გავრცელების შესახებ ინფორმაციის მიღების ეფექტიანი საშუალებაა.

ადრეული გაფრთხილების სისტემა, როგორც წესი, შემდეგ მეთოდებს იყენებს:

  • ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშებიდან;
  • შეგროვებული მონაცემების ანალიზი პოტენციურად ახალი ფსიქოაქტიური ნივითიერებების გამოვლენისა და შესაბამის დოკუმენტებში/შაბლონებში ცვლილების შეტანის მიზნით;
  • გამოვლენილი ნივთიერებ(ებ)ის პოტენციური ზემოქმედების შეფასება საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე;
  • კომუნიკაცია/დასკვნების გაზიარება დაინტერესებულ სუბიექტებთან, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებთან;
  • სტრატეგიის შემუშავება/საფრთხეებზე რეაგირება.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა „2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმით” გათვალისწინებული ღონისძიება იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდი ისე გავიდა, რომ ეს ვალდებულება არ შესრულებულა. იუსტიციის სამინისტროსგან 2023 წლის აგვისტოში მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს სისტემის კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტის მომზადების პროცესი. შესაბამისად, EWS სისტემის შექმნის ვალდებულება ამჟამად ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმაში არის გადატანილი.

2. ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდა

ნალოქსონი არის მედიკამენტი (ოპიოიდების ანტაგონისტი), რომელიც ეფექტურად მოქმედებს ოპიოიდების დოზის გადაჭარბებისას, სწრაფად გამოყავს ადამიანი უგონო მდგომარეობიდან და უზრუნველყოფს სუნთქვის აღდგენას.

მთავრობის 2022 წლის 22 მარტის დადგენილების შესაბამისად, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას პრეპარატის შეძენა რეცეპტის გარეშე გახდა შესაძლებელი. ამ პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ნალოქსონზე მაღალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ვინაიდან სააფთიაქო ქსელებში პრეპარატის მარაგი საკმაოდ მცირეა.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ნალოქსონის მარაგი, გარდა სააფთიაქო ქსელებისა, არსებობდეს გასართობ-სარეკრეაციო და სხვა ისეთ სივრცეებში, სადაც განსაკუთრებულად მაღალია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზედოზირების რისკი.

3. პირველადი პრევენციის გაძლიერება სკოლებში

ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირებისას ლეტალური შედეგის პრევენციის ერთ-­ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი პირველადი პრევენციის გაძლიერება და სკოლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დანერგვაა.

ბოლო წლებია, საჯარო სკოლებში სკოლებში ხორციელდება ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პრევენციისკენ მიმართული საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის პროგრამები, თუმცა მინიმალურია იმ სკოლების რაოდენობა, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ცნობიერების ასამაღლებელი სესიები რეგულარულად ტარდება.

4. სტატისტიკის წარმოება სანდო და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს მასშტაბით ზედოზირებით სიკვდილის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, აგრეთვე არ გვაქვს განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში ინექციური ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობის შესახებ. სტატისტიკის არარსებობის პირობებში კი ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება.

მნიშვნელოვანია, რომ ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკის წარმოება ხორციელდებოდეს ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს მონაცემების აღრიცხვას ზედოზირებით გარდაცვლილ პირთა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით.

5. ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება (სტანდარტების გათვალისწინებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფორმით)

„2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების ვალდებულებას ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებით გამოწვეული ზიანისა და შედეგების თაობაზე. ამის მიუხედავად, საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არ ქვეყნდება ინფორმაცია ზედოზირების რისკებზე, სიმპტომებსა და პირველადი დახმარების გზებზე, ამჟამად მოქმედ (2023-2024 წლების) სამოქმედო გეგმაში კი მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირების (მათ შორის საჯარო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნების გზით) ღონისძიებები საერთოდ აღარ არის გათვალისწინებული.

„სოციალური სამართლიანობის” ცენტრი ზიანის შემცირებისა და ზედოზირებით გამოწვეული ლეტალური შედეგების ეფექტიანი პრევენციისთვის აუცილებლად მიიჩნევს შემდეგი ნაბიჯების გადადგმას:

  1. ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის განხორციელება, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ იქნება მიმართული. სისტემურ რეფორმაში, პირველ რიგში, მოვიაზრებთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოდანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციების ლიბერალიზაციასა და მკურნალობა-­რეაბილიტაციის სისტემის გაუმჯობესებას;
  2. მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდით ზედოზირების სტატისტიკის წარმოება;
  3. პრეპარატ „ნალოქსონის“ (Naloxone) ხელმისაწვდომობის გაზრდა სააფთიაქო ქსელებში;
  4. ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა;
  5. პირველადი პრევენციის გაძლიერების ფარგლებში მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, პრევენციულ პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა წრის გაფართოება;
  6. საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანიითა და პრევენციული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებით;
  7. გასართობ-სარეკრეაციო და სხვა სივრცეებში, სადაც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდილი საფრთხე, ზიანის შემცირებისა და კრიზისული შემთხვევების მართვის მექანიზმების დანერგვა;
  8. პირებმა, რომლებიც მოიხმარენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ სარისკო ქცევისგან და ისარგებლონ სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული საინფორმაციო თუ ზიანის შემცირებისკენ მიმართული მასალებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.